პაატა იმნაძე: „ომიკრონი“ მთლიანად ვერ ჩაანაცვლებს „დელტას“ ისე, როგორც „დელტამ“ ჩაანაცვლა მანამდე არსებული შტამი

სპეციალისტები თებერლისთვის დღეში კორონავირუსის 60 000-მდე შემთხვევას ელოდებიან. NCDC-ის დირექტორის თქმით, მათ შორის იქნებიან ისეთებიც, ვინც საერთოდ ვერ გაიგებს, რომ ვირუსი აქვს.

პაატა იმნაძის თქმით, დაახლოებით 20% იქნება დიაგნოსტირებული.

„ასეთ შემთხვევაში დღეში იქნება 15 000 ინფიცირებული“, - აღნიშნა იმნაძემ.

კითხვაზე გაუძლებს თუ არა ამას ჯანდაცვის სისტემა და იქნება თუ არა ადგილები კლინიკებში, პაატა იმნაძემ უპასუხა, რომ გასათვალისწინებელია ერთი დეტალი. კერძოდ, ქვეყნებში, სადაც „ომიკრონი“ გავრცელდა, „დელტა“ არსად გამქრალა.

„რაღაც ნაწილი „დელტათი“ დაინფიცირდება, „ომიკრონი“ მთლიანად ვერ ჩაანაცვლებს „დელტას“, ისე როგორც „დელტამ“ ჩაანაცვლა მანამდე არსებული შტამი, „ალფა“. „ომიკრონის“ შემთხვევაში, დიაგნოსტირებულებიდან 5%-ს სჭირდება კლინიკაში გადაყვანა, როცა „დელტას“ დროს ეს იყო 10-15%, გაცილებით ნაკლებ ადამიანს დასჭირდება კლინიკაში დაწვენა, თუმცა თუ ვიანგარიშებთ იმას, რომ „დელტასთან“ შედარებით, გაცილებით მეტი შემთხვევა იქნება, დაახლოებით იგივე დატვირთვა ექნებათ კლინიკებს, როგორც - აგვისტოს პიკის დროს, 65000 აქტიური შემთხვევის დროს, მაშინ რამდენიმე დღით დაგვჭირდა საველე ჰოსპიტლების გახსნა და ესეც არის გეგმაში, დღესაც იყო ამაზე საუბარი მინისტრთან შეხვედრაზე“, - განაცხადა პაატა იმნაძემ „ტვპირველი“ ეთერში.

ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს.

„ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ.

წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს. ამ დრომდე, ოფიციალურად სპეციალისტებს არ დაუდასტურებიათ, რომ ამ შტამის წინააღმდეგ ახალი ვაქცინაა საჭირო. თუმცა Pfizer-მა 10 იანვარს განაცხადა, რომ „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინა მარტისთვის მზად იქნება.