"აშშ და NATO მზად არიან, კვლავ შეხვდნენ რუსეთს და გააგრძელონ დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა", - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა.
„სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისაუბრა NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, რათა NATO-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდგომი ნაბიჯები განეხილა. აშშ და NATO მზად არიან, კვლავ შეხვდნენ რუსეთს და გააგრძელონ დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა. აშშ და მათი NATO-ელი პარტნიორები მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის დეესკალაციის მიზნით“, - განაცხადა ნედ პრაისმა.
ცნობისთვის,12 იანვარს ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში NATO-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართა.
ამასთან, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.