თბილისის მერია აცხადებს, რომ აფრიკის დასახლებაში ნაგებობის დემონტაჟი უკანონო მშენებლობებს უკავშირდება. სახალხო დამცველი ფაქტის შესწავლას გეგმავს

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დღეს სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში, რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო.

როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა, შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო. ამ ფაქტს მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ადგილზე სამართალდამცავების მობილიზება მოხდა. წინასწარი ცნობებით, დაპირისპირებისას, პოლიციამ 8 ადამიანი დააკავა და მოგვიანებით ხელწერილით გაათავისუფლა. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

კახა კალაძის განცხადებით, მისი მერობის დროს სახელმწიფოს კუთვნილი მიწების გატაცება-მოპარვა წახალისებული ვერ და არ იქნება. ის აცხადებს, რომ მოქალაქეები, რომლებსაც მშენებარე სახლები დაუნგრიეს, ქონებას რეგიონებში ფლობენ.

„არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს თაღლითურ სქემასთან, რომლის უკანაც გარკვეული პირები დგანან და ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს კანონდარღვევისკენ უბიძგებენ. მერია შესაბამის უწყებას მიაწვდის ყველა მასალას, რათა დაიწყოს საქმის მოკვლევა. ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რომ ორივე ქმედება, მიწის დატაცება და უკანონო მშენებლობა კანონით დასჯადია, თუმცა, ისინი არ ითვალისწინებენ არც ერთ გაფრთხილებას და ამ უკანონო ქმედებებს აგრძელებენ. სახელმწიფოს მიწების მიტაცება არათუ დანაშაულად ითვლება, პირიქით, ეს ადამიანები პრეტენზიას უყენებენ სახელმწიფოს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვიწევს ამ მშენებლობების დემონტაჟი, რადგან პროცესის სხვაგვარად შეჩერება შეუძლებელია. არ რჩებიან ეს ადამიანები ქუჩაში, მათ ყველას სახლები, ზოგს ნაკვეთები აქვთ და თუ რჩებიან, გვაქვს თავშესაფრები“, - განუცხადა ჟურნალსტებს კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ.

აფრიკის დასახლებაში იმყოფებოდა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარიაც, რომელმაც პოლიციისთვის გზის გადაკეტვას ცდილობდა.

„ასეთ ტერიტორიაზე, ამ ჩვენს უბედურ ქვეყანაში უამრავ ადამიანს აქვს აშენებული სახლი, იმიტომ, რომ სახელმწიფოსგან მიტოვებულები არიან. თუ რამე გამოსავალია მოსაძებნი, უნდა მოიძებნოს მათ შორის გაჭირვებული ადამიანების ინტერესებით გათვალისწინებით, ეს რაც ხდება, ეს არის ცხოველობა, არაადამიანობა. თაბორის მთა რომ დაუკანონეს ბიძინა ივანიშვილს, ამაზე პასუხს ვინ აგებს? - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ფაქტს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას აქვს უნებართვო მშენებლობების დემონტაჟის უფლება, თუმცა ასეთი პროცესები ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე დაუშვებელია.

„თბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადების თანახმად, აფრიკის დასახლებაში 12 შენობა-ნაგებობის უნებართვოდ განთავსების შემთხვევა გამოავლინეს, რაც საფუძვლად დაედო ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან გატარებულ დემონტაჟს. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტების არარსებობა და აღნიშნულ პირთა შესახებ ზუსტი სტატისტიკის არქონა სისტემურ გამოწვევას წარმოადგენს, რაზეც წლებია, ვსაუბრობთ.

ამასთანავე, გამოწვევაა უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხი. მართალია თბილისში ფუნქციონირებს ლილოს თავშესაფარი, სადაც არის თავისუფალი ადგილები, თუმცა იქ არსებული ფართები არ არის გათვლილი ოჯახების, მათ შორის არასრულწლოვანთათვის.

უმძიმესი იყო მედიაში გავრცელებულ კადრებში იმ ოჯახების ხილვა, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დავალებით დემონტაჟს დაექვემდებარა. დაუშვებელია, აღნიშნული პროცესები ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე განხორციელდეს. კერძოდ, საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია პირების უსახლკაროდ დარჩენის რისკებთან, რაც წარმოშობს სახელმწიფოს მხრიდან ამ რისკების შეფასების და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მხარდამჭერი ზომების შეთავაზების აუცილებლობას.

აქვე, ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ ზამთრის პერიოდში დემონტაჟი წარმოშობს არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის რისკებს. ამ ფაქტს ემატება, პანდემიიდან გამომდინარე საფრთხეებიც. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის მერიას მოვუწოდებ, გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომელშიც მოცემული იქნება ამომწურავი ინფორმაცია, რა ღონისძიებები გატარდა და გატარდება იმ ოჯახების უსახლკარობისგან დაცვის მიზნით, რომელთა საცხოვრებელი სახლები დემონტაჟს დაექვემდებარა. რაც შეეხება თავად დემონტაჟის კანონიერებას, მართალია, ხელისუფლებას გააჩნია უნებართვო მშენებლობების დემონტაჟის უფლება, თუმცა დაუშვებელია, ეს პროცესები ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე განხორციელდეს. სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის ამ პროცესის კანონიერების საკითხს“, - წერს ლომჯარია.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქემ, რომელსაც დღეს, 15 დეკემბერს მერიამ აფრიკის დასახლებაში აშენებული სახლი დაუნგრია, ამბობს, რომ მშენებლობის გაგრძელების ნებართვა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა კანდიდატმა სოზარ სუბარმა მისცა.

„მოვიდნენ, გვითხრეს, გააკეთეთო, არჩევნები მოდისო. სოზარ სუბარმა შემოიარა, ააშენეთო. ავაშენეთ. სულ კაპიკ-კაპიკ და ასე დაგვტვოვეს. რა აზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს, ქუჩაში მრჩება შვილები“, - ამბობს მოქალაქე.

საპასუხოდ, პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ არის ადგილები, სადაც მოსახლეობა ბევრი წელია, ცხოვრობს და მათ ფართების დაკანონებაში დახმარებას დაჰპირდა, თუმცა იქ, სადაც კანონი ამის საშუალებას არ იძლევა, ვერავის ვერაფერს ჰპირდება.

„სამგორთან დაკავშირებით ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. პრობლემური რაიონია. დედაქალაქის მეოთხედს მოიცავს და პრაქტიკულად, ქალაქში ერთადერთი რაიონია, სადაც ბევრ ქუჩაზე არ არის გაზიფიცირება, ასფალტი, კანალიზაცია. ეს ყველაფერი გასაკეთებელი გვაქვს. ბევრი უკანონო მშენებლობაა და ყველას ერთსა და იმავეს ვპირდებოდი, სადაც შესაძლებელი იქნება, გავაკეთებთ და დავეხმარებით დაკანონებაში. ბოლო წლების განმავლობაში, თბილისის მერიამ ათასზე მეტი სახლი დააკანონა და ეს პროცესი გრძელდება, მაგრამ არის ადგილები, სადაც ძნელია დახმარება. ვერავის ვერაფერს დავპირდებოდი, რაც კანონის ფარგლებში არ ჯდება.

არის არაერთი დასახლება, სადაც ადამიანებს სახლები წლების წინ აქვთ აშენებული, იქ ცხოვრობენ, ხეხილი აქვთ დარგული და ვპირდებოდით, რომ დავეხმარებოდით. მათ შორის იყო ხალხი, ვინც მეუბნებოდა, რომ 1 400 ან 1 800 კვ.მ. აქვთ შემოღობილი. ასეთ ადამიანებს იქვე ვეუბნებოდი, რომ 1 800 კვ.მ-ის დაკანონებაში მივეხმარებოდი, სადაც საშუალებას კანონი მოგვცემდა. თუ ადამიანებმა მართლაც ბოლო ორ-სამ თვეში ააშენეს სახლები და სხვა საცხოვრებელი აქვთ, ასეთ შემთხვევაში, კანონს ყველა უნდა დავემორჩილოთ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დაზარალებული მოსახლეობის სოლიდარობის ნიშნად, მერიასთან სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.