სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ივ ლე დრიანთან სატელეფონო საუბარი გამართა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მოლაპარაკების თემა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო არაფორმალური შეხვედრა იყო, რომელიც საფრანგეთში, ბრესტში, 13-14 იანვარს, საფრანგეთის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში გაიმართა.
მდივანმა ბლინკენმა კვლავ დაადასტურა შეერთებული შტატების მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსული აგრესიის გაგრძელების ფონზე და განიხილა აშშ-ის გადაწყვეტილება, უკრაინაში რუსეთის ნებისმიერ შემდგომ აგრესიას სწრაფად და მტკიცედ უპასუხოს. მხარეებმა ასევე განიხილეს ლიბიაში დემოკრატიული პროცესის ხელშეწყობის მცდელობები.
შეგახსენებთ, 12 იანვარს NATO-ში განაცხადეს, რომ ალიანსი მზადაა, ისაუბროს რუსეთთან შეიარაღების კონტროლისა და რაკეტების განლაგების შესახებ, რათა თავიდან აიცილოს ომის რისკი ევროპაში, მაგრამ მოსკოვმა უპასუხა, სიტუაცია „ძალიან საშიშია" და რომ წინსვლის გზა გაურკვეველია. საერთაშორისო მედია წერს, რომ შეერთებული შტატების, მისი მოკავშირეებისა და რუსეთის პოზიციებს შორის უფსკრული ისეთი ღრმაა, როგორც არასდროს.
ბრიუსელში ოთხსაათიანი მოლაპარაკებები, რაც ამ კვირაში უკვე მეორე მცდელობა იყო კრიზისის განმუხტვის, უკრაინის მახლობლად რუსული ჯარების დაგროვებით იყო გამოწვეული. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსს სურს, მოლაპარაკება გამართოს შეიარაღების კონტროლზე, მაგრამ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება NATO-ს გაფართოებაზე - მთავარ მოთხოვნაზე, რომელსაც რუსეთი ამბობს, რომ არ დათმობს.
ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.
ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.