ისრაელში, Sheba-ს სამედიცინო ცენტრში ჩატარებული კვლევით, Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა „ომიკრონისგან“ არასაკმარისად იცავს. Times of Israel-ი ცენტრის ინფექციური დაავადებების მთავარი ექსპერტის, პროფესორ გილი რეგევ-იოხაის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ კვლევის შედეგები წინასწარია.
„ვაქცინა შესანიშნავია „ალფა“ და „დელტა“ ვარიანტების წინააღმდეგ, თუმცა „ომიკრონისთვის“ ის საკმარისად კარგი არ არის“, - განაცხადა პროფესორმა გილი რეგევ-იოხაიმ და აღნიშნა, რომ ანტისხეულების დონე იმატებს მეოთხე დოზის შემდეგ, თუმცა „ომიკრონით“ მაინც ბევრიც ინფიცირებული.
ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს.
„ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ.
წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.