გაეროს გენერალური მდივანი: შემდეგი პანდემიისთვის უნდა მოვემზადოთ

"შემდეგი პანდემიისთვის უნდა მოვემზადოთ", - ამის შესახებ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

„შემდეგი პანდემიისთვის უნდა მოვემზადოთ. თითოეულ ქვეყანაში ინვესტიცია უნდა ჩავდოთ მონიტორინგში, ადრეულ გამოვლენასა და სწრაფი რეაგირების გეგმებში და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიტეტი გავაძლიეროთ“, - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.

გაეროს გენერალური მდივნის თქმით, საჭიროა გლობალური ფინანსური სისტემის რეფორმირება, რათა მას ყველა ქვეყნისთვის მიუკერძოებლად მუშაობა შეეძლოს.

„თუ თითოეული ადამიანის ვაქცინაციას ვერ შევძლებთ, ახალი ვარიანტები გაჩნდება, რომელიც საზღვრებს მიღმა გავრცელდება და ყოველდღიურ ცხოვრებასა და ეკონომიკას გააჩერებს“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.