Europetime საქართველოში თურქეთის ელჩს ფატმა ჯერენ იაზგანს „3+3“ ფორმატთან დაკავშირებით ექსკლუზიურად ესაუბრა. როგორც ელჩის კომენტარიდან ირკვევა, ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც თურქულმა მხარემ საქართველოს ოფიციალურ პირებს პლატფორმის ფარგლებში განხილული თემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„პლატფორმის ფარგლებში შეხვედრის დაწყებამდე და მის შემდეგაც ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოს მთავრობას და ასევე ვაწვდით ინფორმაციას განსახილველი საკითხების შესახებ. კერძოდ, ჩვენ შევხვდით საგარეო საქმეთა მინისტრს და ვაცნობეთ, თუ რაზე ვისაუბრეთ. სხვა შეხვედრებიც იქნება. ამ პლატფორმასთნ დაკავშირებით, რაიმეს თავსმოხვევაზე საუბარი არ არის“, - აღნიშნა თურქეთის ელჩმა.
რაც შეეხება საქართველოს უარს „3+3“ ფორმატში მონაწილეობაზე, ელჩი აღნიშნავს, რომ ეს არის საქართველოს გადაწყვეტილება, რომელსაც თურქეთი პატივს სცემს. ამასთან, ფატმა ჯერენ იაზგანი განმარტავს, რომ ამ ფორმატში საქართველოს არყოფნის პირობებში, საქართველოს შესახებ რაიმე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ; თურქეთს სურს, რომ საქართველო იყოს წარმოდგენილი 3+3“ პლატფორმაში, მაგრამ „ეს დამოკიდებულია საქართველოს მთავრობისა და ხალხის სურვილზე“.
„ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან როგორც ორმხრივად, ასევე, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს ფორმატში“,... - განუცხადა თურქეთის ელჩმა Europetime-ს.
დიპლომატის თქმით, ეს არის ერთ-ერთი პლატფორმა, რომელიც რეგიონის ქვეყნებს აერთიანებს, რომ განიხილონ ზოგიერთი პროექტი, სადაც სარგებლის მიღება ყველას შეუძლია.
„ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ვფიქრობთ, კარგი იდეაა, მაგრამ შეიძლება იყოს სხვა ფორმატები, რომლებზეც შეიძლება, ვისაუბროთ ჩვენს პარტნიორებთან“, - განაცხადა თურქეთის ელჩმა.
ფატმა ჯერენ იაზგანთან ინტერვიუს თემა ასევე იყო NATO-რუსეთის საბჭოს შეხვედრა და ის, თუ რა პოზიცია აქვს NATO-ს წევრ თურქეთს რუსეთის მიერ წამოყენებულ პირობებთან დაკავშირებით, რომელიც ასევე გულისხმობს ალიანსის გაფართოებაზე უარის თქმას.
„დიალოგი და დიპლომატია მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, არსებობს NATO-ს ერთიანი პოზიცია იმ ქვეყნების თავისუფალი ნების თაობაზე, რომლებიც ირჩევენ უსაფრთხოების ზომებს და ეს არ შეიძლება, განხილული იყოს მესამე მხარესთან. თურქეთის პოზიცია NATO-ს ერთიან პოზიციაში გამოიხატება. საქართველო ერთგულია რა ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ეს საქართველოს მთავრობისა და ხალხის არჩევანია, თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას“, - აღნიშნა თურქეთის ელჩმა.
შეგახსენებთ, "3+3" ფორმატში პირველი შეხვედრა მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართა. საქართველომ ოფიციალურად დააფიქსირა უარი, თუმცა რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ პირველი შეხვედრის შემდეგ, საქართველოსთვის კარი ღია რჩება. ცნობილია, რომ მომდევნო შეხვედრას თურქეთი უმასპინძლებს.
ცნობისთვის, "3+3" ფორმატთან დაკავშირებით, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ასევე ექსკლუზიურად ჩაწერა. პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით.
აშშ-ის პოზიცია
18 ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს "3+3" ფორმატთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა. თავდაცვის სამინისტროში, ქართველ კოლეგა ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა პირველ რიგში 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უნდა სცეს პატივი.
„რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
როგორც ცნობილია, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. ამ ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. ასევე - ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველო უნდა იყოს ჩართული დიდ გეოპოლიტიკურ და რეგიონში მიმდინარე პროექტებში, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, არა ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე“. მანამდე, დავით ზალკალიანიმა ისიც განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან ერთად მონაწილეობა გაუჭირდება "3+3" ფორმატში, თუმცა რაღაც ფორმით ჩართული უნდა იყოს ახალ რეგიონულ პროექტებში. მოგვიანებით, მინისტრმა განმარტა, რომ ეს განცხადება არასწორად იყო აღქმული.
ასევე წაიკითხეთ: დავით ზალკალიანი 3+3 ფორმატზე: ეს შეუძლებელია