იენს სტოლტენბერგი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს და უკრაინის პრეზიდენტს ესაუბრა

NATO-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინის ირგვლივ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, რამდენიმე სატელეფონო საუბარი გამართა. იენს სტოლტენბერგმა Twitter-ზე დაწერა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ ჯოზეფ ბორელთან განიხილა უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედროების განთავსების და ევროპულ უსაფრთხოებაზე მისი გავლენის საკითხები.

მანამდე, NATO-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარში დაადასტურა მხარდაჭერა.

ასევე წაკითხეთ: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გზას აირჩევს, აშშ რუსეთის ეკონომიკას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს

„ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას, გამოვხატე NATO-ს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რომელიც არის რუსეთის საფრთხის წინაშე. მოკავშირეები რუსეთს დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ მოუწოდებენ. მზად ვართ, ჩავერთოთ რუსეთთან შემდგომ დიალოგში, თუმცა ძირითად საკითხებთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავალთ“, - აღნიშნულია იენს სტოლტენბერგის Twitter პოსტში.

ასევე წაიკითხეთ: უკრაინის სამხედრო დაზვერვა: რუსეთმა სასაზღვრო ზონაში ჯარების მობილიზაცია თითქმის დაასრულა

შეგახსენებთ, 12 იანვარს NATO-ში განაცხადეს, რომ ალიანსი მზადაა, ისაუბროს რუსეთთან შეიარაღების კონტროლისა და რაკეტების განლაგების შესახებ, რათა თავიდან აიცილოს ომის რისკი ევროპაში, მაგრამ მოსკოვმა უპასუხა, სიტუაცია „ძალიან საშიშია" და რომ წინსვლის გზა გაურკვეველია. საერთაშორისო მედია წერს, რომ შეერთებული შტატების, მისი მოკავშირეებისა და რუსეთის პოზიციებს შორის უფსკრული ისეთი ღრმაა, როგორც არასდროს.

ბრიუსელში ოთხსაათიანი მოლაპარაკებები, რაც გასულ კვირაში უკვე მეორე მცდელობა იყო კრიზისის განმუხტვის, უკრაინის მახლობლად რუსული ჯარების დაგროვებით იყო გამოწვეული. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსს სურს, მოლაპარაკება გამართოს შეიარაღების კონტროლზე, მაგრამ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება NATO-ს გაფართოებაზე - მთავარ მოთხოვნაზე, რომელსაც რუსეთი ამბობს, რომ არ დათმობს.

ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.

ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.