დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩინეთსა და რუსეთს ვაფრთხილებთ, დიქტატურას წინ აღვუდგებით

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დიდი ბრიტანეთი ჩინეთსა და რუსეთს აფრთხილებს, რომ დიქტატურას წინ აღუდგება.

როგორც ავსტრალიაში ვიზიტით მყოფმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, დასავლეთმა ერთობლივად უნდა უპასუხოს გლობალურ გამოწვევებს, განამტკიცოს კავშირი ინდო-წყნარი ოკეანეთის დემოკრატიებთან და წინ აღუდგეს გლობალურ აგრესორებს.

„მათ სურთ დიქტატურის ექსპორტი მთელ მსოფლიოში, სწორედ ამიტომ, რეჟიმები ბელარუსში, ჩრდილოეთ კორეასა და მიანმარში ყველაზე ახლო მოკავშირეებს პოულობენ მოსკოვსა და პეკინში. დროა, თავისუფალი სამყარო ფეხზე წამოდგეს“, – ამბობს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ამასთან, ტრასმა ასევე მოუწოდა პუტინს, უკან დაიხიოს უკრაინიდან, ვიდრე დიდ სტრატეგიულ შეცდომას დაუშვებს.