აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: რუსეთი აშშ-ის წინააღმდეგ ყველაზე აქტიურად ხუთ დეზინფორმაციულ ნარატივს იყენებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის მიერ ყველაზე აქტიურად გამოყენებული ხუთი დეზინფორმაციული ნარატივი გამოაქვეყნა.

Europetime გთავაზობთ რუსეთის დეზინფორმაციული ნარატივის ჩამონათვალს:

1) „რუსეთი უდანაშაულო მსხვერპლია“

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთს წარმოაჩენენ უდანაშაულო მსხვერპლად, მის აგრესიულ ქმედებებს კი იძულებით პასუხად შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების მიმართ.

ამ სიყალბის „დასამტკიცებლად“ რუსეთი თავის ერთ-ერთ ფავორიტ იარლიყს - „რუსოფობიას“ იყენებს. მაგალითად, რუსეთი ამტკიცებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებას დამოუკიდებელ ქვეყანაში მის შეჭრაზე ნეგატიური რეაქცია მხოლოდ იმიტომ ჰქონდა, რომ ხალხს რუსეთი სძულდა და ეშინოდა მისი.

2) ისტორიის დამახინჯება

როდესაც ისტორია არ შეესაბამება კრემლის პოლიტიკურ მიზნებს, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი მარიონეტები უარყოფენ ისტორიულ მოვლენებს ან ამახინჯებენ ფაქტებს. მაგალითად, პუტინმა მეორე მსოფლიო ომის დაწყების შესახებ დამახინჯებული ვერსია გამოაქვეყნა, ის საბჭოთა როლის მინიმიზაციას ახდენდა და სხვა ქვეყნებს სდებდა ბრალს. რუსეთი ხშირად დგამს ასეთ ნაბიჯს და ვინც არ ეთანხმება მის მიერ ისტორიის დამახინჯებულ ვერსიას, ნაცისტებად ან ნაცისტების მომხრეებად ასახელებს.

3) „დასავლური ცივილიზაციის კოლაფსი გარდაუვალია"

რუსეთი ავრცელებს ყალბ ცნობებს იმის შესახებ, რომ დასავლური ცივილიზაცია იშლება და შორდება „ტრადიციულ ღირებულებებს“, რადგან ის მუშაობს ლგბტქი+ ადამიანების უსაფრთხოებისა და თანასწორობის უზრუნველსაყოფად და ხელს უწყობს ისეთ ცნებებს, როგორიცაა ქალთა თანასწორობა და მულტიკულტურალიზმი. დასავლური ცივილიზაციის დაღუპვა რუსეთის ერთ-ერთი უძველესი დეზინფორმაციული „ტროპია“, რომელიც მე-19 საუკუნიდან არის „დოკუმენტირებული“.

4) „ფერადი რევოლუციები“ აშშ-ის მიერ არის დაფინანსებული“

კრემლს უჭირს იმის აღიარება, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლება და რომ მთავრობა ანგარიშვალდებული უნდა იყოს თავისი ხალხის წინაშე. რუსეთი ადანაშაულებს შეერთებულ შტატებს საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთის რესპუბლიკაში, მოლდოვაში, უკრაინაში და მთელ ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში აჯანყებების წაქეზებაში ან „ფერადი რევოლუციების“ მოწყობაში. რეალობა სულ სხვაა: როდესაც სახალხო მოძრაობა თუ პოლიტიკური ჯგუფები დემოკრატიასა და რეფორმებს უჭერენ მხარს და ამას რუსეთი არ ჩათვლის თავის გეოპოლიტიკურ ინტერესად, კრემლი იწყებს თავდასხმას და ნარატივის მტკიცებას, რომ ამ მოძრაობის უკან ფარულად შეერთებული შტატები დგას. ეს უსაფუძვლო ბრალდებები ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელ მედიის დისკრედიტაიას ისახავს მიზნად, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევას და კორუფციას ააშკარავებს.

5) რეალობის წარმოჩენა ისე, როგორც კრემლს სურს

კრემლი ხშირად ცდილობს, შექმნას უამრავი ყალბი რეალობა, როდესაც სიმართლე მის ინტერესებში არ შედის. მისი მიზანია რუსეთის მთვრობის რეალური პასუხისმგებლობიდან ყურადღების გადატანა ამა თუ იმ მოვლენაზე. საამისოდ, რუსეთი იყენებს მის მიერ კონტროლირებად მედიას და სოციალურ ქსელებს, რათა გაავრცელოს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია და მიმართოს მანიპულაციას. ამის მაგალითია 2008 წელს, რუსეთის შეჭრა საქართველოში და ოკუპაცია, რომელიც დღემდე გრძელდება.