"სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლებმა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართეს.
„ქართულმა ოცნებამ“ სამწუხაროდ, პარლამენტში პოლიტიკის კეთებისთვის სივრცე არ დატოვა, ჩვენ იძულებული ვართ, ეს ნაბიჯი გადავდგათ იმის იმედით, რომ იქნებ ვიღაცას გონება გაუნათდეს და ერთი მილიონი ადამიანის არჩევანი ჰაერში არ დატოვოს. თუ შეთანხმება შედგება, ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის, პარლამენტში დაბრუნება არ არის თვითმიზანი, მთავარია, სამართლიანობის აღდგენა. ჩვენ ვიბრძოდით უკეთესი საქართველოსთვის და დღეს, იმ რეალობაში, რაც „ქართულმა ოცნება“ შექმნა, სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვქონდა. რა თქმა უნდა, ბრძოლას გავაგრძელებთ, ჩვენ მანდატებისთვის არ ვიბრძოდით, ჩვენ ვიბრძოდით უკეთესი საქართველოს იდეისთვის“, - განაცხადა პარტიის წევრმა პაატა მანჯგალაძემ.
იგივე განაცხადით უკვე მიმართეს პარლამენტს მოძრაობის "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრებმა.
რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წერილობითი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარეს წარედგინება, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს მას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. თავის მხრივ, კომიტეტი ადგენს განცხადების ნამდვილობას, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადებას და არაუადრეს რვა და არაუგვიანეს 15 დღისა, ამზადებს შესაბამის დასკვნას.
ამასთან, პროცედურით, პარლამენტის წევრს უფლება აქვს, უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება გამოითხოვოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში და განაგრძოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება.