NATO-ს მოკავშირეების სამხედრო ძალები საბრძოლო მზადყოფნაში არიან. ალიანსი აღმოსავლეთ ფლანგს აძლიერებს.
ამ მიზნით NATO დამატებით ხომალდებსა და სამხედრო თვითმფრინავებს გზავნის.
NATO-ს განცხადებით, ალიანსის მიზანია შეკავების შესაძლებლობებისა და თავდაცვის გაძლიერება, რადგან რუსეთი აგრძელებს სამხედრო ძალების მობილიზებას უკრაინასა და მის გარშემო.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მოკავშირეებმა გააკეთეს განცხადებები მიმდინარე ან დაგეგმილი ზომების შესახებ. მაგალითად, დანია გზავნის ფრეგატს ბალტიის ზღვაში და აპირებს, განათავსოს ოთხი F-16 გამანადგურებელი ლიეტუვაში, რეგიონში NATO-ს საჰაერო პოლიციის ხანგრძლივი მისიის მხარდასაჭერად.
ესპანეთი გზავნის გემებს და განიხილავს ბულგარეთში გამანადგურებლების გაგზავნას.
საფრანგეთმა გამოთქვა მზადყოფნა, NATO-ს მეთაურობით რუმინეთში ჯარები გაგზავნოს. ამასთან, აპრილიდან, ნიდერლანდები გზავნის ორ F-35 საბრძოლო თვითმფრინავს ბულგარეთში, რათა მხარი დაუჭიროს NATO-ს საჰაერო პოლიციის საქმიანობას რეგიონში და განათავსებს გემებსა და სახმელეთო დანაყოფებს NATO-ს რეაგირების ძალებისთვის მომზადების რეჟიმში.
შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ განაცხადა, რომ განიხილავს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო ყოფნის გაზრდას.
„NATO თავდაცვითი ალიანსია. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის საპასუხოდ, NATO-მ გაზარდა თავისი ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის ოთხი მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფით ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვასა და პოლონეთში. ეს დანაყოფები, რომლებსაც ხელმძღვანელობენ დიდი ბრიტანეთი, კანადა, გერმანია და შეერთებული შტატები, მრავალეროვნული ჯგუფია და ის საბრძოლო მზადყოფნაშია. მათი იქ ყოფნა ცხადყოფს, რომ თავდასხმა ერთ მოკავშირეზე ჩაითვლება თავდასხმად მთელ ალიანსზე. 2014 წლამდე NATO-ს ძალები ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში არ იმყოფებოდა“, - აღნიშნულია ალიანსის განცხადებაში.
„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის თავდაცვითი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას, რათა შეძლოს თავის დაცვა. და ასევე ნათელია, რომ რუსეთის შემდგომი აგრესიის შემთხვევაში, NATO-ს მოუწევს კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი აღმოსავლეთი ფლანგი“, - ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში გააკეთა.
„ჯერ კიდევ 2014 წელს, ვიდრე რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, უკრაინელების 25 პროცენტმა მხარი დაუჭირა უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას. ახლა ეს დაახლოებით 60 პროცენტია.
2014 წლის შემდეგ, NATO იძულებული გახდა, რუსეთის აგრესიის გამო მეტი ძალები და მეტი აღჭურვილობა განელაგებინა თავის აღმოსავლეთ ფლანგზე, რუსეთთან ახლოს. ამრიგად, პრეზიდენტი პუტინი თავისი ქმედებებით აჩქარებს იმას, რისი მიღებაც არ სურს.
პრეზიდენტ პუტინის ერთ-ერთი მიზანია გავლენის სფეროს ხელახლა გამოყენება ქვეყნების მიმართ, რომლებიც ადრე საბჭოთა კავშირის ნაწილნი იყვნენ. ეს მიუღებელია. ჩვენ ვერ დავუბრუნდებით გავლენის სფეროების სამყაროს. ეს იყო არასტაბილურობის რეცეპტი, კონფლიქტის რეცეპტი, რეცეპტი, რომელმაც მსოფლიო ომები გამოიწვია. ჩვენ ამას არ დავუბრუნდებით“, - აღნიშნა ბლინკენმა.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთი შესაძლოა, მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.
ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.
უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს.