იენს სტოლტენბერგი: ყოველთვის ვუპასუხებთ ჩვენი უსაფრთხოების გარემოს ნებისმიერ გაუარესებას

„NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO განაგრძობს ყველა საჭირო ზომის მიღებას ყველა მოკავშირის დასაცავად, მათ შორის ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილის გაძლიერებით.

„NATO განაგრძობს ყველა საჭირო ზომის მიღებას ყველა მოკავშირის დასაცავად, მათ შორის ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილის გაძლიერებით. ჩვენ ყოველთვის ვუპასუხებთ ჩვენი უსაფრთხოების გარემოს ნებისმიერ გაუარესებას, მათ შორის ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გაძლიერების გზით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ალიანსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის.

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის თავდაცვითი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას, რათა შეძლოს თავის დაცვა. და ასევე ნათელია, რომ რუსეთის შემდგომი აგრესიის შემთხვევაში, NATO-ს მოუწევს კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი აღმოსავლეთი ფლანგი“, - ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში გააკეთა.

„ჯერ კიდევ 2014 წელს, ვიდრე რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, უკრაინელების 25 პროცენტმა მხარი დაუჭირა უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას. ახლა ეს დაახლოებით 60 პროცენტია.

2014 წლის შემდეგ, NATO იძულებული გახდა, რუსეთის აგრესიის გამო მეტი ძალები და მეტი აღჭურვილობა განელაგებინა თავის აღმოსავლეთ ფლანგზე, რუსეთთან ახლოს. ამრიგად, პრეზიდენტი პუტინი თავისი ქმედებებით აჩქარებს იმას, რისი მიღებაც არ სურს.

პრეზიდენტ პუტინის ერთ-ერთი მიზანია გავლენის სფეროს ხელახლა გამოყენება ქვეყნების მიმართ, რომლებიც ადრე საბჭოთა კავშირის ნაწილნი იყვნენ. ეს მიუღებელია. ჩვენ ვერ დავუბრუნდებით გავლენის სფეროების სამყაროს. ეს იყო არასტაბილურობის რეცეპტი, კონფლიქტის რეცეპტი, რეცეპტი, რომელმაც მსოფლიო ომები გამოიწვია. ჩვენ ამას არ ვუბრუნდებით“, - აღნიშნა ბლინკენმა.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა, მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.

ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.

უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს.