დასავლეთის „უპრეცედენტო სანქციების“ შესახებ ხშირად ისმის მოსაზრება, რომ რუსეთმა უკვე გამოიმუშავა ნაწილობრივი იმუნიტეტი სანქციების მიმართ და პუტინს ვერ შეაჩერებს. ამ შეკითხვას ამერიკის ყოფილი ელჩი იან კელი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში პასუხობს. იან კელი ფიქრობს, რომ პუტინს სანქციების ფაქტორი უკვე გათვალისწინებული აქვს.
„ამ შიშს ბევრი ჩვენგანი იზიარებს...პუტინმა სანქციები საკუთარ ნარატივს მოარგო - რომ დასავლეთი რუსეთს ძირს უთხრის, რომ დასავლეთს სანქციებით რუსეთის დაქცევა სურს, და ვფიქრობ, ამით პოლიტიკური სარგებელი მიიღო - რუს ხალხს ჩააგონა, რომ ლიდერის გვერდით უნდა იდგნენ გარედან მომავალი აგრესიის წინააღმდეგ. ამიტომ ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ რუსეთისთვის ჩვენი მთავარი გზავნილი იქნება ასეთი - ეს ყირიმი არ არის, ეს არ არის 2014 წელი. ყირიმი იმიტომაც იყო პუტინისთვის ტრიუმფი, რომ მან ეს უსისხლოდ მოახერხა.
ახლა ფუნდამენტურად განსხვავებული სიტუაციის წინაშე ვდგავართ. თუ პუტინი უკრაინაში შეიჭრება, უკრაინელები იბრძოლებენ, ამას სისხლისღვრა მოჰყვება. ეს არ იქნება ისეთივე ტრიუმფალური სვლა გამარჯვებისკენ, ამას ახალგაზრდა რუსების სიცოცხლე შეეწირება“, - აღნიშნავს იან კელი.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ეს მთელ ევროპაზე მოახდენს გავლენას, არამხოლოდ საქართველოზე.
„ეს გავლენას მოახდენს სავაჭრო საკითხებზე, შავი ზღვის აუზზე. ვფიქრობ, პუტინი არ არის დაინტერესებული მრავალ ფრონტზე გახსნილი ომით, ასე რომ, არ მგონია, პარალელურად საქართველოს წინააღმდეგაც მიმართოს სამხედრო აგრესია.
რაც შეეხება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, თუ ვაშინგტონისა და მოსკოვის ბოლოდროინდელ განცხადებებს გადავხედავთ, კარგი ისაა, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინაზე საუბრისას, ხაზგასმით ახსენებს საქართველოსაც. ის ამბობს - ჩვენ არასდროს მივუკეტავთ კარს უკრაინასა და საქართველოს. ცუდი ისაა, რომ არც რუსეთს ავიწყდება საქართველო, როდესაც აცხადებენ, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნები NATO-ში არ უნდა გაწევრიანდნენ. არა მგონია, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობა შეამციროს - ამ მხრივ საქართველოს შეუძლია, მშვიდად იყოს.
ვფიქრობ, უკრაინის კრიზისი არ მოახდენს გავლენას აშშ-ის მხარდაჭერაზე, მაგრამ ქართველების ადგილზე დიდ ყურადღებას მივაქცევდი იმას, თუ რას ამბობენ ევროპელი ლიდერები - ვფიქრობ, საქართველოს ნამდვილად მოუწევს დიპლომატიის გაძლიერება ბრიუსელთან, ბერლინსა და პარიზთან“, - აღნიშნავს იან კელი.
„საქართველო ბევრად მეტს უნდა აკეთებდეს. გულწრფელად ვამბობ, ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველო უფრო აქტიური არ არის. ვერ ვიჯერებ, რომ პრემიერს ჯერ კიდევ არ დაურეკავს კიევში თავის უკრაინელ კოლეგასთან, ეს წარმოუდგენელია. არ მესმის, ან პრეზიდენტი, ან პრემიერი, რატომ არ მიმართავს კიევს და ამბობს - ჩვენ თქვენ გვერდში ვდგავართ. თავჩაქინდრული თბილისი - ეს გულდასაწყვეტი სანახავია საქართველოს ნებისმიერი მეგობრისთვის. რატომ? თქვენ და კიევს ერთი და იგივე მიზნები გაქვთ - რატომ არ ამბობთ ამას? რატომ არ ეკითხებით ზელენსკის: რა შეუძლია საქართველოს, რა გავაკეთოთ თქვენს დასახმარებლად? ვფიქრობ, ეს იმით აიხსნება, რომ [მთავრობას] არ სურს კრემლის ყურადღება მიიქციოს. გასაგებია. მაგრამ განა ეს მიდგომა უნდა ჰქონდეს ქვეყანას, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი, უკრაინა სამხედრო საფრთხის წინაშე დგას? ვერ დავეთანხმები ამ მიდგომას, ვფიქრობ, პირში წყლის ჩაგუბება დიდი შეცდომაა. რაც უფრო ჩაღუნავთ თავს, მით უფრო წააქეზებთ კრემლის აგრესიას“, - აცხადებს იან კელი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.