საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით, ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ამერიკელი ხალხი სოლიდარულია ქართველი ხალხის სურვილისა, ჰქონდეთ თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა.
„წელს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების, პარტნიორობისა და მეგობრობის 30 წლისთავს აღნიშნავს. ამბიციური გეგმა გვაქვს, რომ მთელი წლის განმავლობაში აღვნიშნოთ ჩვენი მრავალმხრივი პარტნიორობის ყველა ასპექტი. დღეს მსურს გავიხსენო ჩვენი ურთიერთობის დასაწყისი და მიმოვიხილო, თუ რატომ არის საქართველო ასეთი მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.
30 წლის წინ, მოსკოვის თითქმის ორასწლიანი ბატონობის შემდგეგ, საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამ რთულ წლებს ქართველმა ხალხმა მედგრად გაუძლო და მრავალი სირთულე გადალახა, რათა ჩამოეყალიბებინა თანამედროვე და დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც აგებულია მისი ევროპული ისტორიის საფუძველზე, კოლხეთისა და დასავლური ცივილიზაციის დაბადებიდან მოყოლებული. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ამერიკელი ხალხი სოლიდარულია ქართველი ხალხის სურვილისა, ჰქონდეთ თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობა ჯერ კიდევ 1890 წელს დაარსა ბათუმში, ხოლო ჩვენი განახლებული პარტნიორობა, ოფიციალურად, პრეზიდენტ ჯორჯ ჰ.უ. ბუშის მმართველობის დროს დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებით 1991 წლის 25 დეკემბერს, რასაც მოჰყვა ოფიციალური დიპლომატიური კავშრების დამყარება 1991 წლის 24 მარტს, და ერთ თვეზე ნაკლებ დროში ჩვენი საელჩოს გახსნა „შერატონ მეტეხი პალასში“. მომდევნო წელს საელჩო ორბელიანის სასახლეში გადავიდა, სანამ საბოლოოდ საელჩოს ახალ შენობაში, დიღომში გადაინაცვლებდა.
მას შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო სტრატეგიულ პარტნიორებად ჩამოყალიბდნენ, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ საერთო ხედვისკენ, რაც საქართველოს ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში სრულ ინტეგრაციასა და ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის წევრობას გულისხმობს. ამ ხედვის განხორციელება დიდ შრომას, მოთმინებასა და მნიშვნელოვან რესურსებს მოითხოვს.
წლების განმვალობაში აშშ-მ, სხვა სახის მხარდაჭერასთან ერთად, საქართველოს დასახმარებლად თითქმის 6 მილიარდი დოლარი გამოჰყო. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მხარი დავუჭირეთ მრავალ წარმატებულ ინიციატივას ქართველ პარტნიორებთან ერთად, რომელთა მტკიცე სურვილია, რომ ამ ქვეყანამ თავის სრულ პოტენციალს მიაღწიოს, როგორც ძლიერმა და დამოუკიდებელმა დემოკრატიამ.
დასაწყისში, ამერიკის მხარდაჭერა ძირითადად ჰუმანიტარული სახის იყო და საკვებსა და მედიკამენტებსაც მოიცავდა – ვცდილობდით რა, საქართველოს დახმარებას 1990-იან წლებში მასობრივი დევნილობის გამკლავებასა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლაში. სიტუაციის სტაბილიზაციასთან ერთად, ჩვენი დახმარება იმ პრორიტეტების განხორციელებას მოვარგეთ, რომლებიც ჩვენმა ქართველმა პარტნიორებმა და კოლეგებმა განსაზღვრეს. ჩვენ დავიწყეთ განვითარებისა და ეკონომიკის სფეროს დახმარება საქართველოში დამოუკიდებელი და თავისუფალი საბაზრო ინსტიტუტების ჩამოყალიბების ხელშესაწყობად, რაც არსებითია კეთილდღეობისა და ადამინური ღირსების დაცვის უზრუნველსაყოფად.
წლების განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოს განვითარებასა და ჩამოყალიბებასთან ერთად იცვლებოდა ჩვენი დახმარებაც, რაც ყოველთვის პირდაპირ შესაბამისობაში იყო საქართველოს საჭიროებებსა და პრიორიტეტებთან. ჩვენი დახმარების დიდი ნაწილი ნაკლებად შესამჩნევია დღეს, ვიდრე უწინ.
და ეს ასეც უნდა იყოს, რადგანაც დამოუკიდებლობის ადრეულ წლებთან შედარებით, საქართველომ განავითარა უნარი და რესურსები ქვეყნის საჭიროებების უზრუნველსაყოფად. წლებთან ერთად ჩვენი როლი შეიცვალა და უფრო ნაკლებად შესამჩნევი გახდა, რაც ქართულ ორგანიზაციებთან მათ შორის, მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კომპანიებთან თანამშრომლობას მოიცავს ძლიერი და წარმატებული საქართველოს საერთო მიზნების მისაღწევად.
მაგალითისთვის, დასაწყისში ამერიკა საქართველოს ყველაზე დაუცველ მოქალაქეებს ელექტროენერგიის ხარჯების დაფარვაში ეხმარებოდა. მოგვიანებით, 2008 წლის ომის შემდეგ, ჩვენი მხარდაჭერა ქვეყნის ელექტრო სისტემის აღდგენისკენ მივმარეთ. დღეს, კი, მხარს ვუჭერთ ტექნიკურ რეფორმებს გამჭვირვალე და ეფექტური ენერგო ბაზრების შექმნისთვის, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ ენერგეტიკულ საზოგადოებაში.
ეს ყველაფერი დაეხმარება საქართველოს ენერგო ხარჯების შემცირებასა და უფრო საიმედო სისტემის შექმნაში, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული რუსეთზე. ნათლად ჩანს, თუ როგორი დრამატული ცვლილება განიცადა საქართველოს ენერგოსისტემამ ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში და როგორ შეიცვალა ჩვენი დახმარების შინაარსი საქართველოს გაზრდილი შესაძლებლობების საპირწონედ.
ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყნებში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებებისა და გარდაქმნების მიუხედავად, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერი და ურყევი დარჩა, რაც დიდწილად ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორით არის განპირობებული:
პირველი, ეს არის ამ ორი ერის მჭიდრო და ბუნებრივი მეგობრობა, რომელიც წინ უსწრებს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენას. პირველი ამერიკელი ვიზიტორი საქართველოში 1804 ჩამოვიდა, მას მოჰყვა ჯოელ პოინსეტი 1807 წელს, რომელმაც მოგვიანებით გაითქვა სახელი, როგორც კონგრესმენმა და ამერიკის ელჩმა მექსიკაში, რომლის სახელსაც უკავშირდება „პოინსეტის“ მცენარის „აღმოჩენა“. პოინსეტი თავის დღიურებში ხოტბას ასხამდა ქართულ სტუმართმოყვრეობას და აღწერდა, თუ როგორ ივახშმა „მის უდიდებულესობა იმერეთის დედოფალთან მისი სახლის სახურავზე“.
წლების განმავლობაში ამერიკელებისა და ქართველების მეგობრობა იზრდებოდა. ეს კარგად არის წარმოჩენილი მე-19 საუკუნეში ჯორჯ კენანის საქართველოში მოგზაურობის აღწერაში, გურული მხედრების ბუფალო ბილის ველური დასავლეთის შოუში მონაწილეობით, მკვლევარი უილიამ ოსგუდის საველე მოგზაურობით საქართველოში 1929 წელს; ჯონ სტეინბეკის ვიზიტით საქართველოში 1950 და 60-იან წლებში; ბენი გუდმენის კონცერტებით თბილისში 1962 წელს. და კიდევ ისეთი სახელგანთქმული ადამიანებით, როგორებიც იყვნენ ჯორჯ ბალანჩინი, ჯორჯ ქობი, პრინცი მაჩაბელი, ალექსანდრე ქართველი – რომლებიც დიდი წარმატებით მოღვაწეობდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში.
რომ აღარაფერი ვთქვათ გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილზე, აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბის მეთაურზე. ამ კავშირებს განასახიერებენ ისეთი ადამიანები, როგორებიც იყვნენ ბობ უოლში, სიეტლის ანტერპრენერი, რომელმაც ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩამოიტანა საქართველოში და დააფინანსა კრიტიკულად აუცილებელი ოპერაციები ბაშვებისთვის.
ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობა წარმოდგენელია ისეთი ადამიანებით, როგორიცაა ამერიკელი ასტროფიზიკოსი კარლ საგანი, რომელსაც სჯეროდა, რომ ქართული სიმღერა „ჩაკრულო“ კაცობრიობის მიღწევების ნატიფ მრავალფეროვნებას განასახიერებს. ჩემი და სხვა ამერიკელების მსგავსად, იგი აღფრთოვანებული იყო ქართული სიმღერის მრავალხმოვანებით. საგანი დაჟინებით მოითხოვდა ჩაკრულოს დატანას ნასას „ვოიაჟერის“ ოქროს ფირფიტაზე, მიუხედავად კრემლის პროტესტისა, რომელსაც ქართული სიმღერის „მოსკოვური საღამოები“-თ ჩანაცვლება სურდა. მე იმ დროს ვმუშაობდი რეაქტიული ძრავის ლაბორატორიაში კალიფორნიაში, როდესაც ვოიაჟერისგან მივიღეთ პლანეტების განსაცვიფრებელი ფოტოები, კოსმოსში მისი მოძრაობის დროს გადაღებული, როდესაც ჩაკრულო და სხვა საგანძური გალაქტიკაში მიჰქონდა.
ქართველები და ამერიკელები ბუნებით მეგობრები ვართ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ გვაქვს საერთო: თავისუფლების, ოჯახის, რწმენის, სხვების წარმატების დახმარების სიყვარული და, ასევე, მრავალფეროვნებისა და განსხვავებულობის დაფასება და პატივისცემა. როდესაც საქართველოში ვმოგზაურობ, ხშირად ვხვდები ადამიანებს, რომლებმაც გარკვეული დრო დაჰყვეს შეერთებულ შტატებში ჩვენი მრავალი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. გულს მითბობს ამერიკის შესახებ მათი ამბებისა და შთაბეჭდილებების მოსმენა. ბევრი მათგანი ინარჩუნებს კავშირებს თავის მასპინძელ ოჯახებთან და ბევრი ამბობს, რომ მათ ცხოვრებაში ეს გამოცდილება გარდამტეხი მომენტი იყო.
რაც შეეხება გაცვლით პროგრამებს, ელჩის თქმით, დაახლოებით 20 სხვადასხვა პროგრამით ამერიკის საელჩო თბილისში ახორციელებს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გაცვლით პროგრამებს და ყოვეწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში აგზავნის 200-ზე მეტ მონაწილეს, რომლებსაც წვლილი შეაქვთ იდეებისა და კულტურის გაცვლის უაღრესად მნიშვნელოვან გამოცდილებაში.
„რა თქმა უნდა, ჩვენი „მშვიდობის კორპუსის“ არაჩვეულებრივი მოხალისეები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ წლების განმავლობაში ამერიკა-საქართველოს კავშირების გაძლიერების საქმეში. 2001 წლიდან 500-ზე მეტმა „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისემ შეისწავლა ქართული ენა და იცხოვრა საქართველოს სხავადასხვა რეგიონში.
მათ მტკიცე მეგობრობა დაამყარეს ქართველებთან ინგლისური ენის სწავლების, არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის, ეკონომიკური განვიათარების მხარდაჭერისა და ადგილობრივ პროექტებში პარტნიორობის მეშვეობით. ამერიკელი მოხალისეები მასპინძელ ოჯახებს თავიანთ „ქართულ ოჯახებს“ უწოდებენ. ჩვენ ახლა ვახორციელებთ “მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეების საცდელ ვირტუალურ პროგრამას კოვიდის გამო , თუმცა ვმუშაობთ მოხალისეების ფიზიკურად დაბრუნებაზე, იმედია ამ წლის ბოლოს“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.