„NATO არ განათავსებს საბრძოლო ჯარებს უკრაინაში, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ არ არსებობს გაუგებრობა ჩვენს მზადყოფნასთან, ჩვენს ვალდებულებასთან დაკავშირებით, დავიცვათ ყველა მოკავშირე, განსაკუთრებით ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში“, განუცხადა სტოლტენბერგმა CNN-ს და განმარტა, რომ რატომ გაზარდა ალიანსმა თავისი ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, შავი ზღვისა და ბალტიისპირეთის რეგიონებში.
მისი თქმით, ძლიერი შეკავება საუკეთესო გზაა ალიანსის ნებისმიერ მოკავშირეზე თავდასხმისა და კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.
უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის.
იენს სტოლტენბერგი: ყოველთვის ვუპასუხებთ ჩვენი უსაფრთხოების გარემოს ნებისმიერ გაუარესებას