ბლინკენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პასუხი ასახავს სერიოზულ დიპლომატიურ გზაზე წინსვლას, თუ რუსეთი აირჩევს მას და ასევე მოცემულია პრინციპული და პრაგმატული შეფასება მოსკოვის მიერ წამოჭრილი შეშფოთების შესახებ. ბლინკენმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ღიაა დიალოგისთვის. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
„წერილობითი ფორმა კარგი გზაა იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ მაქსიმალურად ზუსტნი ვართ და რუსებს ესმით ჩვენი პოზიციები, ჩვენი იდეები, რაც შეიძლება ნათლად. ახლა, დოკუმენტი მათთან არის და ბურთი მათ მოედანზეა“,- განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვთან საუბარს გეგმავს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან „უახლოეს დღეებში“ გამართავს მოლაპარაკებას.
ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ NATO-ს ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის.
„ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, ჩვენ დიპლომატიას ვირჩევთ და მზად ვართ, წინ წავიწიოთ იმ სფეროებში, რომლებშიც თანამშრომლობის შესაძლებლობა არსებობს“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე.
მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, რომ გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან, და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.
რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.
უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს.