NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პერიოდია, უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო მობილიზება გრძელდება.
სტოლტენბერგმა რუსეთს დაუყოვნებლივ დეესკალაციისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ NATO-ს მტკიცედ სჯერა, დაძაბულობა დიალოგისა და დიპლომატიის გზით უნდა მოგვარდეს.
ასევე წაიკითხეთ: შეერთებულმა შტატებმა რუსეთის მიერ წამოყენებულ პირობებთან დაკავშირებით წერილობითი პასუხი წარადგინა.
„დღეს NATO-მ რუსეთს ჩვენი წერილობითი წინადადებები გადასცა. არ წავალთ არანაირ კომპრომისზე, თითოეული ქვეყნის უფლებასთან დაკავშირებით, თავად აირჩიოს თავისი ალიანსები.
„რუსეთმა თავი უნდა შეიკავოს აგრესიული რიტორიკისა და მავნე ქმედებებისგან, რომელიც მოკავშირეებისა და სხვა ქვეყნებისკენ არის მიმართული. რუსეთმა თავისი ძალები უნდა გაიყვანოს უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ვაშინგტონის პოზიციით, რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, რომ გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან, და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.
რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.
უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს.
ამავე თემაზე: