უკრაინიდან საქართველოს საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია არ იგეგმება

თბილისი კიევიდან საქართველოს საელჩოს თანამშრომლების ევაკუაციას არ გეგმავს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მე ჩემს უკრაინელ კოლეგასთან ბოლო სატელეფონო საუბრის დროს ამ თემაზე საუბარი მქონდა და დავარწმუნე, რომ ჩვენ ჩვენი თანამშრომლების ევაკუაციას არ ვაპირებთ, საელჩო ძალიან აქტიურად მუშაობს. ისინი მუდმივ კომუნიკაციის რეჟიმზე არიან ჩვენს უკრაინელ ძმებთან, ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისე ყველა სტრუქტურაში, რადგანაც მნიშვნელოვანია, რომ საელჩომ გამართულად იფუნქციონიროს და სრულფასოვნად იყოს წარმოდგენილი სწორედ ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში. ვფიქრობ, რომ საჭიროა ამ მხარდაჭერის დემონსტრირება და ჩვენი უკრაინელი კოლეგების მხრიდან ძალიან პოზიტიურად იყო აღქმული.

მინისტრმა ძალიან დიდი მადლობა გადამიხადა იმისთვის, რომ ჩვენ საელჩოს ვინარჩუნებთ და არ ვახდენთ მათ ევაკუაციას ამ მეტად მძიმე დროს ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვის“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.