Europetime-ის შეკითხვას უკრაინის კრიზისის გარშემო დასავლეთის შემდგომ დიპლომატიურ ნაბიჯებთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რუსეთში ჯონ სალივანმა უპასუხა.
რა შემდგომი დიპლომატიური ნაბიჯებია მოსალოდნელი აშშ-სგან, სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ელის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან საუბარს და მზად არის, განიხილოს ახალი ნაბიჯები, რა შეიძლება, იყოს ეს ნაბიჯები? - ამ შეკითხვით მიმართა Europetime-მა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს რუსეთში ჯონ სალივანს.
„ჩვენ დაველოდებით რუსეთის წერილობით პასუხებს იმ დოკუმენტზე, რომელიც მე პირადად გადავეცი მათ ოთხშაბათს, 26 იანვარს. მოგეხსენებათ, რუსეთის მთავრობამ NATO-სგანაც მიიღო წერილობითი პასუხები მათ მიერ წარმოდგენილ მოთხოვნებზე. ამრიგად, დაველოდებით, რა რეაქცია და შეფასება ექნება რუსეთის მთავრობას ჩვენს წერილობით წინადადებებზე. შემდეგ, როგორც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა აღნიშნა, მეც ველოდები, რომ იქნება განხილვები, ან სატელეფონო საუბრები, ეს ჯერ არ ვიცი. ეს შემდეგ უნდა შეთანხმდეს.
სახელმწიფო მდივანმა გამოიყენა ორივე ფორმატი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სასაუბროდ, მათ შორის ბევრი სატელეფონო ზარი, ასევე გაიმართა რამდენიმე შეხვედრა გასულ წელს. ასე რომ, გასაკვირი არ იქნება, თუ ეს შეხვედრა გაიმართება შედარებით მოკლე დროში, მაგრამ ეს დამოკიდებულია რუსეთის მთავრობაზე, მის პასუხებზე წერილობით წინადადებებზე, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა და NATO-მ გადასცეს. ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ ისინი ამ გზას აირჩევენ. ჩვენ დიპლომატიის გზას ვირჩევთ და გვჯერა, რომ დოკუმენტი, რომელიც რუსეთს გადავეცით, სწორედ დიპლომატიასა და სიტუაციის დეესკალაციის გზაზეა დაფუძნებული“, - განაცხადა ჯონ სალივანმა Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ.
რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.
უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს.
26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ ის მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები.
მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, რომ გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან, და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.
ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი: ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა