ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავად, ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებთან ონლაინსამიტი გამართა. ჩინეთის ლიდერმა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების პირობა დადო. ეს იყო პირველი შეხვედრა ჩინეთის, ყაზახეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ხუთ სახელმწიფოს მეთაურს შორის. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-მა სხვადასხვა უცხოურ მედიასაშუალებაზე დაყრდნობით შეკრიბა.
სი ძინპინის თქმით, ორმხრივი ვაჭრობა და ინვესტიციები ასჯერ გაიზარდა. წარმატებით დასრულდა სტრატეგიული მნიშვნელობის რამდენიმე დიდი პროექტი, მათ შორის ჩინეთი-ცენტრალური აზიის გაზსადენი, ჩინეთი-ყაზახეთის ნავთობსადენი, ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ავტომაგისტრალი და ჩინეთი-ტაჯიკეთის ავტომაგისტრალი.
"კონსულტაციების, ერთობლივი წვლილისა და საერთო პრინციპების ხელმძღვანელობით, ჩინეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მზარდია და მას სარგებელი მოაქვს ცენტრალურ აზიაში. ჩინეთი მზადაა, იმუშაოს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, რათა შექმნას კიდევ უფრო მჭიდრო ჩინეთი-ცენტრალური აზიის საზოგადოება საერთო მომავლით. ამ მიზნით, მინდა მოგმართოთ შემდეგი ხუთი წინადადებით:
1. ჩინეთი გააგრძელებს მოქმედებას მეგობრობის, გულწრფელობის, ორმხრივი სარგებლობისა და ინკლუზიურობის პრინციპით და იმუშავებს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, რათა გააძლიეროს სტრატეგიული კომუნიკაცია და მოაწყოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა "ჩინეთს პლუს ცენტრალური აზია", სხვა დიალოგი და უზრულველყოს თანამშრომლობის მექანიზმები. ამ გზით ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ სოლიდარობას და ურთიერთნდობას, გავაღრმავებთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას და მივაღწევთ საერთო განვითარებასა და კეთილდღეობას.
ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით გარე ძალების მცდელობებს, მოახდინოს ფერადი რევოლუციები ცენტრალურ აზიაში, მტკიცედ ვეწინააღმდეგებით სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევას ადამიანის უფლებების საბაბით და მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ძალას, რომელიც ცდილობს, ხელი შეუშალოს ჩვენი ექვსი ქვეყნის ხალხების მშვიდ ცხოვრებას.
არც ისე დიდი ხნის წინ, ყაზახეთმა განიცადა დრამატული მოვლენები, რამაც გამოიწვია დიდი მსხვერპლი და მატერიალური ზიანი. როგორც მეგობარი და მეზობელი, ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს ყაზახეთს სტაბილურობის შესანარჩუნებას, ძალადობის შეჩერების მცდელობას და გააგრძელებს ყაზახეთის მხარდაჭერას და დახმარებას ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში. ჩინეთს სჯერა, რომ პრეზიდენტ თოყაევის ძლიერი ხელმძღვანელობით, ყაზახეთის მამაც, შრომისმოყვარე ხალხს უკეთესი მომავალი ელის.
2. ჩინეთი მზადაა, გახსნას თავისი დიდი ბაზარი ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის. ჩვენ შემოვიტანთ უფრო ხარისხიან საქონელსა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს რეგიონის ქვეყნებიდან, გავაგრძელებთ ჩინეთ-ცენტრალური აზიის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის ფორუმის ჩატარებას და ვეცდებით ვაჭრობის გაზრდას 70 მილიარდ აშშ დოლარამდე 2030 წლისთვის. ჩინეთი გთავაზობთ, შევქმნათ ჩვენს ქვეყნებს შორის ელექტრონული კომერციის თანამშრომლობის შესახებ დიალოგის მექანიზმი და საჭიროების შემთხვევაში სამრეწველო და საინვესტიციო თანამშრომლობის ფორუმის გამართვა. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ნავთობისა და გაზის მილსადენების სტაბილური ფუნქციონირება, დავაჩქაროთ ჩინეთი-ცენტრალური აზიის გაზსადენის (D) ხაზის მშენებლობა, გავაფართოოთ თანამშრომლობა ენერგეტიკული ინდუსტრიის ხელშესაწყობად.
3. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ფარი მშვიდობის დასაცავად. მშვიდობა არის მისწრაფება, რომელსაც იზიარებს რეგიონის ყველა ქვეყნის მოსახლეობა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ტერორისტულ, ექსტრემისტულ და სეპარატისტულ ძალებთან ბრძოლა, გავაღრმაოთ თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა საზღვრის მართვა და კონტროლი. ერთობლივი ოპერაციებით, ერთად ვიმუშაოთ რეგიონული უსაფრთხოების ქსელის გასაძლიერებლად.
4. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ტურისტული თანამშრომლობა. ჩინეთი ააშენებს პლატფორმებს ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის მათი ტურისტული რესურსების პოპულარიზაციისთვის და მზადაა, ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანა გახდეს ჩინელი ტურისტებისთვის მიმართულება. ჩინეთი გვთავაზობს ჩინეთ-ცენტრალური აზიის ხალხთა შორის მეგობრობის ფორუმის ჩატარებას და შეეცდება, რომ ხუთი ქვეყნის დაძმობილებული ქალაქების რაოდენობა გაზარდოს.
5. სულ ცოტა ხნის წინ, მე გამოვედი გლობალური განვითარების ინიციატივით გაეროს წინაშე და მოვუწოდე ერთობლივი ძალისხმევისკენ რისკებისა და გამოწვევების დასაძლევად. ასევე, გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის წინსვლისკენ. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჩინეთის მთავრობა 500 მილიონი აშშ დოლარის საგრანტო დახმარებას გაუწევს ცენტრალური აზიის ქვეყნებს საარსებო პროგრამების მხარდასაჭერად და შესთავაზებს 5000 სემინარსა და ვორქშოფს, რათა დაეხმაროს ცენტრალური აზიის ქვეყნებს პროფესიონალთა მომზადებაში. ეს სფეროებია ჯანდაცვა, სიღარიბის შემცირება სოფლის მეურნეობის განვითარება, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა სფეროების გაძლიერება“, - განაცხადა სი ძინპინმა.
ცნობისთვის, ამ სამიტიდან ორი დღის შემდეგ, ასევე შედგა ინდოეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის პირველი სამიტი. ონლაინსამიტი ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ჩაატარა და ხაზი გაუსვა თანამშრომლობას ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებთან, ასევე, მას რეგიონული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უწოდა.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ცენტრალურ აზიას ცენტრალური ადგილი უჭირავს ინდოეთის ხედვაში, რომელიც გულისხმობს ინტეგრირებულ და სტაბილურ, გაფართოებულ სამეზობლოს. ჩვენ ყველანი შეშფოთებულები ვართ ავღანეთში განვითარებული მოვლენებით. ამ კონტექსტში ასევე, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა რეგიონული უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა მოდიმ.
ამ დროისთვის, ინდოეთის სავაჭრო ბრუნვა ცენტრალურ აზიასთან მცირეა, $2 მილიარდი. სახმელეთო კავშირის ნაკლებობა ვაჭრობის გაფართოების მთავარი დაბრკოლებაა, რადგან პაკისტანი არ აძლევს უფლებას ნიუ დელის, მისი ტერიტორიის გავლით მოხდეს წვდომა. მაგრამ ინდოეთი იმედოვნებს, რომ გამოიყენებს ირანის ჩაბაჰარის პორტს მარშრუტის გასაუმჯობესებლად. ირანს ფართო საზღვარი აქვს როგორც თურქმენეთთან, ასევე ავღანეთთან. ანალიტიკოსების თქმით, ინდოეთისა და ჩინეთის ლიდერების მიერ გამართული სამიტები ხაზს უსვამს რეგიონის მზარდ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას, სადაც რუსეთს ყოველთვის ჰქონდა გავლენები.