ამერიკას თურქეთში ახალი ელჩი ჰყავს

ამერიკის ახალმა ელჩმა თურქეთში ჯეფრი ფლეიკმა ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს რწმუნებათა სიგელი გადასცა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ფლეიკი ანკარაში 7 იანვარს ჩავიდა. მან ელჩი დევიდ სატერფილდი შეცვალა.

„თურქეთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა, მტკიცედ არის დაკავშირებული NATO-სთან და მნიშვნელოვანი პარტნიორია არამდგრად რეგიონში. ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია თანამშრომლობა ძალიან სერიოზული საფრთხეების დასაძლევად", - განაცხადა ფლეიკმა სტატიაში, რომელიც თურქეთში ამერიკის საელჩოს ვებგვერდზეა განთავსებული სახელწოდებით - „პარტიული პოლიტიკა წყლის პირას მთავრდება“.

ჯეფ ფლეიკის კანდიდატურა სენატმა ოქტომბერში დაამტკიცა.

ფლეიკი 2019 წელს სენატიდან წავიდა და განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მმართველობა „რესპუბლიკელების“ იდეოლოგიას დაშორდა. მოგვიანებით მან წიგნი დაწერა  „კონსერვატორის აღიარება", რომელშიც ტრამპს აკრიტიკებდა.

ელჩი ფლეიკი იყო შეერთებული შტატების „რესპუბლიკელი“ სენატორი, რომელიც წარმოადგენდა არიზონას შტატს 2013-2019 წლებში, მანამდე, არიზონას წარმოადგენდა, როგორც კონგრესის წევრი 2001-2013 წლებში. სენატში ყოფნისას მსახურობდა საგარეო ურთიერთობების, ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების და მართლმსაჯულების კომიტეტებში. მსახურობდა ასიგნებების კომიტეტში.

ბოლოს, ფლეიკი არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქმიანობდა. ასევე მუშაობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის პოლიტიკის ინსტიტუტის უფროს მრჩეველთა კომიტეტში.

შეგახსენებთ, ოქტომბერში, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, 10 დასავლური ქვეყნის ელჩები პერსონა ნონ გრატად გამოეცხადებინა, მათ შორის იყო აშშ-ის ელჩი, ჯეფრი ფლეიკის წინამორბედი დევიდ სატერფილდი. მანამდე, ელჩები მოითხოვდნენ ფილანტროპ ოსმან კავალას გათავისუფლებას, რომელიც ოთხი წელია, ციხეშია და ბრალად ედება 2013 წელს საპროტესტო აქციების დაფინანსება/2016 წლის წარუმატებელ გადატრიალებაში მონაწილეობა. ის უარყოფს ბრალდებებს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მისი საქმე ერდოღანის დროს, განსხვავებული აზრის წინააღმდეგ თავდასხმის სიმბოლოა.

18 ოქტომბერს ერთობლივ განცხადებაში კანადის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ახალი ზელანდიისა და შეერთებული შტატების ელჩებმა მოითხოვეს კავალას საქმის სამართლიანი, სწრაფი გადაწყვეტა და მისი სასწრაფიოდ გათავისუფლება. მოგვიანებით, ელჩების გაძევებასთან დაკავშირებული კრიზისი განიმუხტა.

სატერფილდამდე, თურქეთში ამერიკის ელჩი ჯონ ბასი იყო, რომელმაც ანკარა პრეზიდენტ ერდოღანთან დაპირისპირების ფონზე დატოვა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთსა და ამერიკას შორის არსებულ დიპლომატიურ კრიზისში სწორედ ბასი დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მას ელჩად აღარ აღიარებდა. თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთის სპეცსამსახურებმა ამერიკის საელჩოს თანამშრომელი ჯაშუშობის და ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით დააკავეს. ჯონ ბასი ხელისუფლებისგან მისი თანამშრომლის ბრალეულობის დამამტკიცებელ დოკუმენტაციას ითხოვდა.