დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ახალი კვლევებით, Sinopharm-ის „ბუსტერი“ სერიოზულად გამოიმუშავებს ანტისხეულებს „ომიკრონის“ მიმართ.
„ომიკრონის“ შემთხვევებში რეინიფიცრება მაღალია. ადამიანებმა, რომლებმაც გადაიტანეს „დელტა“, მათ ემართებათ, ამიტომ დღეს, ჩვენი და ყველას მთავარი მოწოდება უნდა იყოს, რომ ყველა ადამიანი, მილიონ ორასი ათასი ადამიანი ვინც აცრილია ორჯერადად, მიბრძანდნენ ამცრელ პუნქტებში და გაიკეთონ „ბუსტერი“. გამოჩნდა კიდევ ახალი კვლევებით, რომ იგივე Sinopharm-ის „ბუსტერი“, სერიოზულად გამოიმუშავებს მანეიტრალიზებელ ანტისხეულებს „ომიკრონის“ მიმართ. ამიტომ, „ბუსტერი“, როგორც Pfizer-ით, ისე Sinovac-ით, თუ Sinopharm-ით, აუცილებელია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, დღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა 2,5-3-ჯერ აღემატება ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა მაჩვენებელს.
„17 000 არის დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი, მაგრამ, მოგეხსენებათ, ჩვენ ვანგარიშობთ მეორე მაჩვენებელსაც - ე.წ. შეფასების მაჩვენებელსაც, რომელიც, ალბათ, 2,5-3-ჯერ მეტია. დღეს ქვეყანაში 146 000 აქტიური შემთხვევაა, რაც ძალიან ბევრია. ინდივიდუალური დიაგნოსტიკა უკვე შეუძლებელია. იანვრის პირველ კვირაში, ჩვენ, ალბათ, „ომიკრონის“ ცირკულაცია 15-20% გვქონდა, მეორე კვირაში, ალბათ, 50%, მესამეში უკვე 90%-ზე ავედით.
შესაბამისად, რა თქმა უნდა, დამძიმებული პაციენტები, მათ შორის, სამწუხაროდ, გარდაცვლილები, „ომიკრონითაა“ გამოწვეული. ამიტომ, ხაზს ვუსვამ, როდესაც ვამბობთ, რომ, „დელტასთან“ შედარებით, „ომიკრონი“ უფრო მშვიდად მიმდინარეობს, ამან არ უნდა გაგვათამამოს, რადგან, სამაგიეროდ, „ომიკრონით“ ბევრი ადამიანი ინფიცირდება, შესაბამისად, ამ ბევრში იქნება დამძიმებულიც და სამწუხაროდ, გარდაცვლილიც“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 17 265 ადამიანს დაუდასტურდა, 34 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა.