აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ენტონი ბლინკენმა კვლავ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისევე როგორც ყველა ქვეყნის უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიმართუელება და ალიანსები.
ამასთან, სახელმწიფო მდივანმა რუსეთს დეესკალაციისა და უკრაინის საზღვრებიდან ჯარებისა და აღჭურვილობის გაყვანისკენ მოუწოდა.
„საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან საუბრისას ხაზგასმით აღვნიშნე შეერთებული შტატების მზადყოფნა, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გააგრძელოს დისკუსია უსაფრთხოების ორმხრივ საკითხებზე. ჩვენ მზად ვართ თავიდან ავიცილოთ კონფლიქტი, რომელიც არავის ინტერესშია, მაგრამ მზად ვართ, დავაკისროთ მძიმე საფასური, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება“, - დაწერა თავის მხრივ ბლინკენმა Twitter-ზე.
ეს პირველი საუბარი იყო მას შემდეგ, რაც აშშ-მა და NAT0-მ რუსეთს წერილობითი პასუხები გადასცეს.
ასევე წაიკითხეთ:
რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.
უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს.
26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ ის მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები.
მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, რომ გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან, და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.