უკრაინელმა კანონმდებლებმა მხარდამჭერი ქვეყნების, მათ შორის აშშ-ის, კანადის და დიდი ბრიტანეთის დროშები გამოფინეს. აღნიშნული ქვეყნების მიმართ პოლიტიკოსებმა მადლობა ამ ფორმით გამოხატეს.
„გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც გვერდში უდგანან უკრაინას რუსეთის აგრესიის ფონზე“, - აღნიშნა სოფია ფედინამ.
აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერი უკრაინაში ვიზიტით იმყოფება.
პრემიერ-მინისტრმა 88 მილიონი ფუნტის ღირებულების ახალი დახმარება შესთავაზა უკრაინის მხარდასაჭერად, რუსეთის შეჭრის შიშის გამო. ბორის ჯონსონის თქმით, როგორც მეგობარი და პარტნიორი, დიდი ბრიტანეთი განაგრძობს უკრაინის სუვერენიტეტის დაცვას, გარე საფრთხეებთან მიმართებით.
გაერთიანებული სამეფო აძლიერებს სანქციების რეჟიმს რუსეთის მიმართ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო და მიიჩნევს, რომ რუსეთის ერთადერთი გზა არის დეესკალაცია და საერთაშორისო თანამეგობრობასთან მოლაპარაკებების დაწყება.
ასევე წაიკითხეთ: დიდ ბრიტანეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა პაკეტი 10 თებერვლისთვის მზად ექნება.
რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.
უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს.
26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". მაგრამ გააფრთხილა რუსეთი, რომ აშშ მოქმედებდა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად.