რუსეთმა ბელორუსის ტერიტორიაზე ორეტაპიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო. მანევრების ოფიციალური სახელმწოდებაა „სამოკავშირეო სახელმწიფოს რეაგირების ძალთა შემოწმება“.
თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს განცხადებით, პირველ ეტაპზე, 9 თებერვლამდე ბელარუსის ტერიტორიაზე დაჯგუფებების შექმნა და მნიშვნელოვანი სახელმწიფო და სამხედრო ობიექტების/ საჰაერო საზღვრების დაცვის ორგანიზება მოხდება. ასევე შემოწმდება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტების მზადყოფნა და შესაძლებლობები.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მეორე ეტაპზე, 10-20 თებერვალს, ბელარუსის ხუთ პოლიგონზე ჩატარდება ერთობლივი სწავლება „სამოკავშირეო სიმტკიცე 2022“, რომლის ფარგლებში დამუშავდება გარედან აგრესიის აღკვეთის და მოგერიების, სამოკავშირეო სახელმწიფოს ინტერესების დაცვის და ტერორიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევის საკითხები.
მიუხედავად იმისა, რომ მანევრებში მონაწილე სამხედროების და შეიარაღების რაოდენობა „ვენის დოკუმენტით“ დადგენილ პარამეტრებს არ აღემატება და რუსეთს და ბელორუსს არ ჰქონდათ უცხოელი პარტნიორების ინფორმირების ვალდებულება, შოიგუს თქმით, რუსეთმა ეს გააკეთა „ნებაყოფლობითი გამჭვირვალობის ფარგლებში“.
შოიგუს არ დაუსახელებია მანევრებში მონაწილე სამხედროების და შეიარაღების ზუსტი რიცხვი და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის ძალები, მათ შორის საავიაციო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ქვედანაყოფები, გადასროლილია 10 ათასი კილომეტრის მანძილზე.
ლუკაშენკო 17 იანვარს დათანხმდა რუსეთ-ბელორუსის ერთობლივ სამხედრო წვრთნების ჩატარებას (Союзная решимость - 202). წვრთნები, რომელიც თებერვლისთვის დაიგეგმა, მიმართული იქნება დასავლეთის (პოლონეთი) და სამხრეთის (უკრაინის) საზღვრებისკენ.