ოპიზიციის წარმომადგენელები საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებულ საკანონდებლო ცვლილებებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ეს არის შანტაჟის ენით საუბარი, რაც ოპოზიციას უფრო კონსოლიდირებულს გახდის.
„გირჩის“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, სახელწიფო დაფინანსების შეწყვეტა პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებას გამოიწვევს.
„პირველ რიგში დაფინანსება „ქართული ოცნებას“ უნდა მოეხსნას. დაფინანსების შეწყვეტის გზით, მათ უნდათ, ოპოზიცია დათმობაზე წავიდეს, რაღაცეებს დათანხმდეს და პარლამენტში შევიდეს. მოკლევადიან პერსპექტივაში ოპოზიციური პარტიებისთვის ეს იქნება პრობლემა იმიტომ, რომ წლების განმვალობაში ისინი დამოკიდებული იყვნენ ამ ბიუჯეტის დაფინანსებაზე.
სინამდვილეში, თუ ეს მართლა მოხდება, ეს გამოიწვევს პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებას. პოლიტიკური პარტიები გაჩნდებიან, რომლებიც მართლა ადამიანებიდან, მხარდამჭერებიდან ეცდებიან საკუთარი დაფინანსების მოძიებას ისე, როგორც ვაკეთებ მე, როგორც აკეთებს „გირჩი“. ეს არის სწორი!“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
“ლელოს“ წარმომადგენელი, ანა ნაცვლიშვილი ხელისუფლების გადაწყვეტილებას სახელმწიფოებრივად სახიფათოს და არაკონსტიტუციურს უწოდებს.
„უმრავლესობის ლიდერის დღევანდელი გზავნილები იყო პოლიტიკურად - დამარცხებული ძალის ხმა. თუ უმრავლესობის ლიდერი საჯაროდ მსგავსი დამაშანტაჟებელი ტონით ესაუბრება ოპოზიციონერ ლიდერებს, კითხვებსაც აღარ აჩენს, თუ როგორ ესაუბრებიან ისინი საჯარო მოხელეებსა და მათზე დაქვემდებარებულ სხვა ადამიანებს, არჩევნებში სასურველი შედეგის მიღწევის მიზნით“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა უმრავლესობის ლიდერის მიერ დღეს წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივების შეფასებისას.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას შეფასებით, პარტიული დაფინანსება მეტი დემოკრატიულობისა და პარტიების მრავალფეროვნებისათვის არსებობს, ეს კანონპროექტი კი არის ანტიკონსტიტუციური ბოდვა.
მისი თქმით, ფაქტი არის ერთი, რომ ბოიკოტი შედგა და ივანიშვილს „სტკივა თავისი გაყალბება“. ოპოზიციის გეგმა უცვლელია და რაც უფრო მეტი ასეთი განცხადება იქნება, მით უფრო კონსოლიდირებული გახდება ოპოზიცია.
„პარტიებისათვის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადება სამარცხვინო იყო, ხოლო სიტყვა „საბოტაჟი“, რომლითაც ის გამოირჩეოდა, აახლოებს ივანიშვილის რეჟიმს სტალინის საბჭოთა რუსეთთან, ლუკაშენკოს ბელარუსთან და პუტინის რუსეთთან. შინაარს რაც შეეხება, არის ანტიკონსტიტუციური, ბოდვა და თუ ის პარტიებს გაუუქმებს კუთვნილ საბიუჯეტო დაფინანსებას, რაც პარტიების მრავალფეროვნებისთვის არსებობს, ეს კიდევ ერთხელ მიგვიყვანს, უკვე დეფაქტო, ერთპარტიულ სიტუაციამდე, პარტიები არ გაუქმდებიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ასევე ენმ-ის გაუქმება დააანონსეს, პარტიები უფრო კონსოლიდირდებიან ამ ბრძოლაში”, - აცხადებს გიგი უგულავა.
უგულავას პოზიციას იზიარებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილიც
„თუ ჰგონიათ, რომ შეგვეშინდება დაფინანსების მოხსნის, სარეკლამო დროის გაუქმების და ამის გამო შევცვივდებით ახლა პარლამენტში, ძალიან ცდებიან. ჩვენ ამომრჩეველმა ხმა მოგცა ჩვენი იდეის გამო, იმ იდეის გამო, რომელიც ამ ქვეყნის განვითარებას ეხება და არანაირ ფულზე არ გაიცვლება ჩვენი ამომრჩევლის ხმები. ეს არის მხოლოდ იმის მცდელობა, რომ დააშანტაჟონ, დაემუქრონ ოპოზიციას, რაც ძალიან მწარედ შემოუბრუნდება „ქართულ ოცნებას“ უახლოეს მომავალში“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, ირმა ნადირაშვილის თქმით, ეს არის შანტაჟის ენით საუბარი,
„ეს არის ბიძინა ივანიშვილის ისტერიული რეაქცია იმაზე, რომ მან ვერ გატეხა ოპოზიცია და ვერ შეძლო პარლამენტში ოპოზიციის შეყვანა და მიიღო ერთპარტიული პარლამენტი. პოლიტიკურ პარტიებს დაფინანსება აქვთ იმისთვის, რომ იყოს მრავალფეროვნება პოლიტიკაში, პლურალიზმი და იყოს დერმოკრატია“, - აცხადებს ირმა ნადირაშვილი
სალომე სამადაშვილი კი ამ ფაქტს პერსონალურად მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დევნას უკავშირებს.
მისი თქმით, სააკაშვილი სულ რომ არასდროს არც ერთ ტელეეკრანზე არ გამოჩნდეს, ასობით ათასი ქართველი ამომრჩევლისთვის ის იქნება სასურველი პოლიტიკური ლიდერი.
კომიკურია, რომ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლებრივი დევნა განახორციელა და ყოფილ პრეზიდენტს მოუწია პოლიტიკურ დევნილობაში წასვლა, დღეს, ხელისუფლებაში მოსვლიდან 8 წლის თავზე „ქართული ოცნება“ ისევ ებრძვის მიხეილ სააკაშვილს, როგორც მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს. ეს ყველაფერი არის ძალიან სასაცილო იმიტო, რომ სააკაშვილი სულ რომ არასდროს არც ერთ ტელეეკრანზე არ გამოჩნდეს, ასობით ათასი ქართველი ამომრჩევლისთვის ის იქნება სასურველი პოლიტიკური ლიდერი. ეს არის რეალობა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, პარლამენტში ინიცირებული ორი ახალი კანონპროექტი წარადგინა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მის პოლიტიკურ ბლოკში შემავალი სუბიექტების, ასევე „ევროპული საქართველოს“, საარჩევნო ბლოკ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლეიბორისტული პარტიისა“ და „ლელოს“ ლიდერების შესაბამისი განცხადებების საფუძველზე, პარტიული სიები უკვე გააუქმა და კანდიდატები რეგისტრაციიდან მოხსნა.
ოპოზიციური პარტიები ხელიუსფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ, პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ.