რუმინეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი: დაუშვებელია, ყოველ სამ-ექვს თვეში რომელიმე დამოუკიდებელი სახელმწიფოს საზღვარზე ახალ რუსულ სამხედრო ძალებს ვხედავდეთ

Europetime-ის ინტერვიუ რუმინეთის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მრჩეველთან უსაფრთხოების საკითხებში, იულიან კიფუსთან. იულიან კიფუ 2011-2014 წლებში იყო რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტრატეგიის საკითხებში. ასრულებდა რუმინეთის სენატის ვიცე-პრეზიდენტის მრჩევლის მოვალეობას საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში. იულიან კიფუ არის ენერგორესურსების უსაფრთხოების ცენტრის გამგეობის წევრი - EUCERS ლონდონის კინგს კოლეჯში; 30-ზე მეტი წიგნის ავტორი და თანაავტორია კონფლიქტების, კრიზისების, პოსტსაბჭოთა სივრცისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ.


ET: შავი ზღვა დამაკავშირებელია რუმინეთსა და საქართველოს შორის და ეს კავშირი არის ერთგვარი ხიდი ევროპასა და აზიას შორის. არაერთხელ ითქვა, რომ არსებობს უზარმაზარი სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული. მაგალითად, რას იტყვით „აგრის“ (აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ურთიერთდაკავშირების) პროექტის მნიშვნელობაზე, ასევე „თეთრი ნაკადის“ განხორციელებაზე, რომელიც ითვალისწინებს თურქმენული გაზის წამოღებას აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, და შავი ზღვით რუმინეთში შეტანას?

იულიან კიფუ: ჩვენ მას შავი ზღვა კასპიის ზღვის დერეფანს ვუწოდებთ. რა თქმა უნდა, თუ ტრანსკასპიურ მილსადენს (ეს მილსადენი უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან აზერბაიჯანის გავლით თურქეთსა და საქართველოში და შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებში) ავაშენებთ, ეს კარგი იქნება, თუმცა მისი განხორცილება ნამდვილად დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. მათ შორის არის არამხოლოდ თურქმენეთისა და აზერბაიჯანის საზღვრების დელიმიტაციის საკითხი, არამედ კასპიის ზღვის წესები. ვსაუბრობთ რა მის როგორც სრულად მულტიმოდალურობაზე, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ბიძგს მისცემს ბათუმი-კონსტანცას პროექტს, რომელიც ჩვენ რამდენჯერმე ავამოქმედეთ და რომელსაც სამწუხაროდ, არ აქვს მხარდაჭერა...

ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველთვის ვეძებთ გზებს მის განსახორციელებლად. განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში ამას ჯერ თურქმენეთისთვის და შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ყაზახეთისთვის დამატებითი ღირებულება აქვს. ყაზახეთისთვის ის არის დიდი პრობლემა, რომ აქვთ ნავთობი და გაზი, მაგრამ შეზღუდული ექსპლუატაციის შესაძლებლობით, რადგან მას რუსეთი ყიდულობს და არ აქვთ ტრანსკასპიური სიმძლავრე/მოცულობა. ასე რომ, ძირითადად, ამიტომ ვართ აქ. 

ET: რუმინეთი უჭერს მხარს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას. რას ფიქრობთ ქვეყნის პერსპექტივაზე, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ არსებულ კონტექსტს. ვგულისხმობ როგორც შიდა პოლიტიკურ ვითარებას, ისე საგარეო ველს, უკრაინის კრიზისს და ასე შემდეგ.

იულიან კიფუ: რაც მთავარია, საქართველო ყველაფერს აკეთებს NATO-სთან დასაახლოებლად და ეს მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც საბოლოოდ გაიღება ალიანსის კარი, იქ შესასვლელად მზადყოფნა აუცილებელია. მოგეხსენებათ, გარკვეულწილად, შესაძლებლობები დაკავშირებულია კრიზისებთანაც და თუ მზად ხართ, ჩნდება შესაძლებლობების მომენტები, რომლებზეც შეგიძლიათ, ფსონი დადოთ. გარდა ამისა, ნაბიჯ-ნაბიჯ, NATO-ში თქვენი მომავალი გაწევრიანების პროცესის შენება, უსაფრთხოების განმტკიცება და რეფორმების გატარება მნიშვნელოვანია.

ET: ევროპაში კვლავ ომისა და მშვიდობის საკითხების განხილვას დასავლეთსა და რუსეთს შორის, თქვენი აზრით, რა გადაწყვეტა მოჰყვება?

იულიან კიფუ: ვარაუდების გამოთქმა გამიჭირდება. მოდით ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანია ვიპოვოთ ისეთი გამოსავალი, რომელიც იქნება სიტუაციის დამაბალანსებელი და უპირველეს ყოვლისა, ყველაზე დიპლომატიური გზები, რომ ომი ავიცილოთ თავიდან. მეორე მხრივ, შეუძლებელია, ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ ომზე ვსაუბრობდეთ. დაუშვებელია, ყოველ სამ-ექვს თვეში რომელიმე დამოუკიდებელი სახელმწიფოს საზღვარზე ახალ რუსულ სამხედრო ძალებს ვხედავდეთ, რომელიც ამ ქვეყნებს საერთაშორისო არენაზე უპირატესობის მოსაპოვებლად ემუქრება. აქედან გამომდინარე, საჭიროა საბოლოო გადაწყვეტა/შეთანხმება, რათა მსგავსი ეპიზოდები აღარ განმეორდეს.

გეთანხებით, რომ ეს არის გადამწყვეტი დრო ევროპის უსაფრთხოებისთვის, რადგან დღეს ჩვენ ევროპაში ომისა და მშვიდობის საკითხებზე ისევ გვიწევს საუბარი. ეს მიუღებელია. მეორე მსოფლიო ომიდან 70 წელი გავიდა და მიუღებელია, რომ ზოგიერთი სახელმწიფო კვლავ ცდილობდეს, ჰქონდეს გავლენის სფეროები; გამოიყენოს სამხედრო ძალა, რათა გადაჭრას თავისი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხები და ცალმხრივად იმოქმედოს სხვა სუვერენულ სახელმწიფოებთან მიმართებით.

ET: და ამ სუვერენული სახელმწიფოებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს, აირჩიონ საკუთარი ალიანსები და გაწევრიანდნენ NATO-ში, ამ პროცესის დაჩქარება ზუსტად ახლა ხომ არ იქნებოდა მესიჯი და პასუხიც რუსეთისთვის.

მინდა გითხრათ, რომ უპირველეს ყოვლისა, ეს დამოკუდებულია თითოეულ ამ სახელმწიფოსა და ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზე; იმ პრინციპებსა და ღირებულებებზე, რომლებიც ევროკავშირისა და NATO-ს ფუნდამენტს წარმოადგენს. ვფიქრობ, ეს არის პირველი, რაც უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვინც ამ გზას ნამდვილად უჭერს მხარს.