დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინის საზღვარზე რუსეთის ამჟამინდელი მტრული აქტიურობის გამო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა ისეთი გზის პოვნა, რომელიც პატივს სცემს როგორც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე თავდაცვის უფლებას.
„პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა ტრაგიკული შეცდომა იქნება. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკის თანახმად, ყველა ევროპულ დემოკრატიას უფლება აქვს ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვოდეს. ეს უფლება სრულად ვრცელდება უკრაინაზე. მან ასევე გაიმეორა, რომ NATO თავდაცვითი ალიანსია“, - ნათქვამია განცხადებაში.
ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სიტუაციის გამწვავება არავის ინტერესში არ შედის. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა დიალოგისა და დიპლომატიის მნიშვნელობას და მოლაპარაკებებში უკრაინის ჩართვის აუცილებლობას.
„ვესაუბრე პრეზიდეტ პუტინს, რომ გამომეხატა ღრმა შეშფოთება უკრაინის საზღვართან რუსეთის მტრული მოქმედების გამო. უკრაინის ტერიტორიაზე ნებისმიერი შემდგომი შეჭრა ტრაგიკული შეცდომა იქნება. დიალოგი და დიპლომატია წინსვლის ერთადერთი გზაა“, - დაწერა თავის მხრივ ბორის ჯონსონმა Twitter-ზე.