უკრაინამ და თურქეთმა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ღონისძიება კიევში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თანდასწრებით გაიმართა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმედ მუსმა.
გარდა ამისა, უკრაინამ და თურქეთმა ხელი მოაწერეს რვა მთავრობათაშორის დოკუმენტს. ორი ქვეყნის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს ახალგაზრდული პოლიტიკის, საგადასახადო სფეროში თანამშრომლობის შესახებ, ასევე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს სტანდარტიზაციისა და ხარისხის შესახებ საბაჟო სფეროში. ასევე ხელი მოეწერა ჩარჩო ხელშეკრულებას მაღალი ტექნოლოგიების, ავიაციისა და კოსმოსის სფეროში თანამშრომლობის შესახებ და მთავრობათაშორის პროტოკოლს, რომელსაც ცვლილებები შეაქვს სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში.
გარდა ამისა, უკრაინამ და თურქეთმა ასევე ხელი მოაწერეს სამოქმედო გეგმას ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების პროგრამების ურთიერთაღიარების შესახებ.
ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით კიევში 3 თებერვალს ჩავიდა.
ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში თურქული უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი ქარხანა აშენდება