თენგიზ ცერცვაძე: ორშაბათიდან "რემდესივირი" იქნება უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი

„ორშაბათიდან „რემდესივირი" უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ქვეყნის ხელმძღვანელობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ შეისყიდა „რემდესივირის" საცდელი პარტია, რომელიც საქართველოში უკვე ჩამოვიდა. ამჟამად მიმდინარეობს თვითმფრინავის განტვირთვა. არის გარკვეული ლოჯისტიკური საკითხები. ვვარაუდობთ, რომ „რემდისივირის" გამოყენება პაციენტებთან დაიწყება არაუგვიანეს ორშაბათისა. ორშაბათიდან ის იქნება უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი" - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, შემოტანილია 4 000 ფლაკონი „რემდესივირი".

„მე რამდენადაც ვიცი, შემოტანილია 4 000 ფლაკონი, რადგან ყველა კლინიკამ შეძლოს გამოყენება. თუ ექსპერტების შეფასებით მედიკამენტის გამოყენებამ გაამართლა, შეამსუბუქა და გააუმჯობესა დაავადების მიმდინარეობა, მაშინ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაა, შემოიტანოს ახალი პარტია იმ რაოდენობით, რა რაოდენობაზეც იქნება მოთხოვნა.

საქართველოში აუცილებლად უნდა ყოფილიყო შემოტანილი „რემდესივირი", იმ უბრალო მიზეზით, თუ მსოფლიოში ის ყველასთვის ხელმისაწვდომია, ქართველი პაციენტი რატომ უნდა დაიჩაგროს?! საქართველოშიც უნდა იყოს ის ხელმისაწვდომი. თვითონ ექიმებმა და პაციენტებმა გადაწყვიტონ ეს მედიკამენტი გამოიყენონ თუ არა." - ნათქვამია ცერცვაძის განცხადებაში.

თენგიზ ცერცვაძე ასევე განმარტავს იმას, თუ ვის შეეძლება აღნინშული პრეპარატის გამოყენება.

მისი თქმით, პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობენ ბინაზე და კოვიდ სასტუმროებში, „რემდესივირის“ გამოყენება აკრძალულია.

„მინდა ყველამ იცოდეს, რომ „რემდესივირი“ არ არის საჭირო ყველა ავადმყოფისთვის, უფრო მეტიც, ავადმყოფების ნაწილისთვის ის წინააღმდეგ ნაჩვენებია და არ შეიძლება მისი გაკეთება ისევე, როგორც ყველა სხვა მედიკამენტის. ვის სჭირდება „რემდესივირი“? დავიმახსოვროთ კარგად, პაციენტებმაც და პირველ რიგში, ექიმებმაც. „რემდესივირი“ ენიშნება მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც არიან ჰოსპიტალიზირებულები. ჰოსპიტალს გარეთ, ბინაზე და სასტუმროში მყოფ პაციენტებთან ის არ ინიშნება, აკრძალულია.

„რემდესივირი“ ენიშნება მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც არის ჟანგბადდამოკიდებული, ან ვისაც იმდენად მძიმე ფორმა აქვს, რომ მას ჟანგბადის მიწოდება სჭირდება. თუ პაციენტს არ სჭირდება ჟანგბადის დამატებით მიწოდება, მას არც „რემდესივირი“ სჭირდება. ზოგადად, ჟანგბადის მიწოდების რამდენიმე ფორმა არსებობს. „რემდესივირი“ იმ პაციენტებს სჭირდება, ვისაც ჟანგბადი მიეწოდება ნიღბით ან ე.წ მაღალი ნაკადით, რომელიც ყველაზე ეფექტიანი და კარგი საშუალებაა ჟანგბადის მიწოდების პაციენტებისათვის”, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე განმარტებით, „რემდისივირი" ეფექტურია ინფექციის გამოვლენიდან 10 დღის მანძილზე.

„პაციენტისთვის, რომელიც რეანიმაციაში წევს და ინტუბირებულია, „რემდისივირის" გამოყენება არ შეიძლება. ვერ ვცდით, იმიტომ, რომ მსოფლიო წამყვანი ორგანიზაციები ამას უარყოფენ. გარდა ამისა, "რემდისივირი" ეფექტურია ინფექციის გამოვლენიდან 10 დღის მანძილზე. შემდეგ თუ გავაკეთებთ, ფაქტობრივად, ტყუილად გავაკეთებთ", - განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში "რემდესივირი" უკვე ჩამოიტანეს. ამის შესახებ ტიკარაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პრეპარატი უკვე საქართველოშია.