მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ნახევარი უაღრსად გადამდები „ომიკრონ“ შტამით არის დაავადებული. თუმცა ახლა უფრო მეტი ქვეყანა, განსაკუთრებით აზიასა და ევროპაში, BA.2-ით გამოწვეული შემთხვევების ზრდას აფიქსირებს. მიუხედავად იმისა, რომ BA.2, როგორც ჩანს, უფრო გადამდებია, ვიდრე წინა ვარიანტები, ჯერ არ არსებობს მონაცემები, რომლებიც მის სიმძიმეზე მიუთითებენ.
რამდენად შეშფოთებული უნდა ვიყოთ ამ ვარიანტის გამო და რა ვიცით მის შესახებ, Europetime-მა სტატია BBC-ის მიხედვით მოამზადა.
რა არის BA.2
როდესაც ვირუსები მუტაციას განიცდიან ახალ ვარიანტებად, ისინი ხანდახან იყოფიან ან იშლებიან ქვეკატეგორიებად. მაგალითად, „დელტას“ ვარიანტი მოიცავს 200 სხვადასხვა ქვევარიანტს. იგივე მოხდა Omicron-თან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს BA.1, BA.2, BA.3 და B.1.1.529 ვარიანტებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, 25 იანვრის მდგომარეობით GISAID-ის გლობალურ მონაცემთა ბაზაში წარმოდგენილი ვირუსული დნმ-ის თითქმის 99% იდენტიფიცირებული იყო ამ ქვევარიანტად. მიუხედავად იმისა, რომ BA.1 და BA.2 მსგავსია, ისინი ერთმანეთისგან 20 მუტაციით არიან დაშორებულნი. უცნობია, საიდან გაჩნდა, მაგრამ პირველად BA.2 ფილიპინებში, ნოემბერში აღმოაჩინეს.
„ომიკრონის“ ქვევარიანტი უკვე 57 ქვეყანაშია აღმოჩენილი, WHO-ს განცხადებით, ზოგიერთ ქვეყანაში, ნახევარზე მეტს სწორედ ეს ვარიანტი აქვს დადასტურებული. ზოგიერთ ადგილებში ეს ვარიანტი მკვეთრად გავრცელდა. დანიის Statens Serum Institut-ის (SSI) მონაცემებით, BA.2 იანვარში ქვეყანაში დაფიქსირებული კოვიდშემთხვევების დაახლოებით ნახევარს შეადგენს.
ინდოეთი კიდევ ერთი ქვეყანაა, სადაც BA.2 სწრაფად ანაცვლებს „დელტას“ და „ომიკრონ“ BA.1 ვარიანტს. ეს უკვე დომინანტური ვარიანტია რამდენიმე შტატში და სავარაუდოდ, ქვეყანაში უკვე მესამე ტალღაც გამოიწვია. ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანოებმა მას დაკვირვების ვარიანტი უწოდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ BA.2-ით ზედმეტად შეშფოთებულნი არ არიან. კიდევ ერთი ქვეყანა კი სადაც BA.2 ასევე სწრაფად ვრცელდება, ვიდრე BA.1 და Delta, გერმანიაა.
არის თუ არა BA.2 უფრო გადამდები?
დანიის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ BA.2 არსებითად უფრო გადამდებია ვიდრე BA.1. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ BA.2 ქვევარიანტზე ვაქცინები ნაკლებად მოქმედებს. თუმცა, ვაქცინირებულები მაინც ნაკლებად ინფიცირდებიან, ვიდრე არავაქცინირებულები.
BA.2 უფრო საშიშია?
არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ BA.2 იწვევს უფრო მძიმე დაავადებას, ვიდრე წინა ქვევარიანტები. BBC წერს, რომ ეს ვარიანტი მეცნიერების დაკვირვების ქვეშაა და თუნდაც გახდეს დომინანტური ვერსია, შესაძლოა, რეალურად ვერ შეცვალოს პანდემიის ტრაექტორია იმ ქვეყნებში, რომლებმაც იგრძნეს BA.1-ის დიდი ტალღა. ეს იმიტომ, რომ შეიძლება უკვე არსებობდეს იმუნიტეტი. კერძოდ, BA.1-ით ინფექციამ შეიძლება, უზრუნველყოს გარკვეული დაცვა BA.2-ისგან.