გოგა ჩანადირის სვეტი და ფოტორეპორტაჟი სპეციალურად „ევროპათაიმისთვის“
არამხოლოდ ფიზიკურად, ემოციურადაც დამღლელი იყო კოვიდკლინიკებში ფოტოგადაღებები. მე ვიყავი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოსა და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ეს შეგრძნებები მსგავსიც იყო და განსხვავებულიც: იცი, შენ წინ კორონავირუსები დაფრინავენ, მაგრამ ვერ ხედავ და თან, შეგრძნება გაქვს, რომ ცხვირში შემოგიძვრებიან, მიუხედავად იმისა, რომ სრულად ხარ დამცავი საშუალებებით აღჭურვილი.
ვერ ხედავ ამ უმცირეს ნაწილაკებს, მსოფლიო და ჩვენი ყოველდღიურობა რომ შეცვალა, მაგრამ ხედავ,შენ წინ აჩრდილებივით მოფუსფუსე ექიმებს, ექთნებს, სანიტრებს, ლაბორატორიის თანამშრომლებს, სასწრაფოს პერსონალს.
ლამის, ერთი წელია ასე არიან. მაგალითად, თამუნა ექიმს ორი თვე ოჯახი ნანახი არ ჰყავდა, მოხუც დედას შინ ვირუსი არ მივუტანოო. მერე თავად დაინფიცირდა. და მხოლოდ ის? - არაერთი მედიკოსი. ოცდააათამდე მათგანი გარდაიცვალა, ამ მშრალი ციფრის მიღმა სიცოცხლესა და პაციენტებზე უზომოდ შეყვარებული ადამიანის ცხოვრება და მათი ოჯახებია.
ახლაც, უძილო ღამეებგამოვლილები, დაღლილები, მაინც ფხიზლად დარაჯობენ თითოეული პაციენტს, ზუსტად იციან, არ შეიძლება არცერთი წუთით ყურადღების მოდუნება.
უმძიმესი სანახავი იყო პაციენტებით სავსე რეანიმაციები. ერთგან დაინფიცირებული ჩვილი იწვა.
ვიცი, ეს პატარა ნამდვილად კარგად იქნება, მაგრამ გული მეწვოდა. ერთხანს ვიდექი გამჭვირვალე კედლის წინ და ვუყურებდი კოვიდპაციენტებთან მოფუსფუსე მედიკოსებს. შინაგანად ვიწვოდი სიცხისგან, აღჭურვილობისგანაც, განცდებისგანაც. მტანჯველი შეგრძნებები ადი-ჩადიოდნენ სხეულში. ექიმები? ალბათ, ისინიც ასე არიან, უარესად თუ არა. წარმოდგენაც არ მინდა, ოდესმე იმ არჩევანის წინაშე დადგნენ, რომელი პაციენტი გადაარჩინონ. ჩვენ მათ ადამიანების გადარჩენას, კოვიდზე გამარჯვებას ვთხოვთ, ისინი კი მეტ პასუხისმგებლობას გვთხოვენ.
ახლაც, როცა ამ ტექსტს ვწერ, დათო ექიმი ლეილა დეიდას გადარჩენას ცდილობს. ვიცი, გადაარჩენს კიდეც. მერე გამოვა რეანიმაციიდან და მაშინღა გაიზრებს, რომ მთელი დღე არაფერი უჭამია და მგონი, წყალიც არ დაულევია, თავიდან ბოლომდე ოფლში გაწურული, დაღლილი თვალებით, უსიტყვოდ გადმოგცემს რა ხდება ბოქსირებულ განყოფილებაში. იქ ყველაფერს კითხულობ. მათ შორის იმედსაც...
მჯერა, მალე გაივლის ეს ყველაფერი. მალე შევძლებთ ერთმანეთს ისევ გადავეხვიოთ, ხელი ჩამოვართვათ, დღესასწაულები ვიზეიმოთ. მაგრამ, ახლა, როცა მხოლოდ ერთმანეთის თვალებში ვირეკლებით, როცა გვენატრება ადამიანური სიახლოვე, ისე არაფერს უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ასევე იმ შანსს, რომ მომავალ ახალ წელს ჩვენ ყველა, უკლებლივ ყველა, ერთად აღვნიშნავთ ახლობელ, ძვირფას ადამიანებთან დღესასწაულს. ეს დღე მალე დადგება, მანამდე კი გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის შრომას და ძალისხმევას, რომ პანდემია დავამარცხოთ.