ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ბელარუსის და რუსეთის პრეზიდენტები ბელარუსის ოკუპაციას ახდენენ. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარის შეფასებით, თუ რუსული ჯარები ბელორუსიდან შემოიჭრებიან უკრაინაში ან დარჩებიან ბელორუსში განუსაზღვრელი ვადით, ეს იქნება ფაქტობრივი მტკიცებულება იმისა, რომ კრემლმა მოახდინა ბელორუსის ოკუპაცია და ლუკაშენკო ბელორუსის სახელმწიფოს მოღალატეა.
„ბატონი ლუკაშენკო მრავალი წლის განმავლობაში მისი ავტორიტარული რეჟიმის დაწყებიდან კრემლის მონა და პრეზიდენტ პუტინის უძლური მსახური იყო. 2020 წელს მას საშუალება ჰქონდა, მისი ხალხის გვერდით დამდგარიყო, მაგრამ საბოლოოდ, თავისი ერის წინააღმდეგ დგომა და კრემლისთვის მსახურების გაგრძელება აირჩია.
როგორც პრეზიდენტ პუტინის მარიონეტს, ლუკაშენკოს არ აქვს უნარი, შეცვალოს და წინააღმდეგობაც კი გაუწიოს კრემლის გადაწყვეტილებას ბელორუსში 30 000 ჯარისკაცის განლაგების შესახებ. ერთადერთი, რისი გაკეთებაც ბატონ ლუკაშენკოს შეეძლო, არის კრემლის ბრძანებების შესრულება. ის დაეთანხმა დირექტივას და ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდ რუსულ განლაგებას ბელორუსში.
როგორც არ უნდა ეწოდოს ამ განლაგებას, იქნება ეს სწავლება თუ სამხედრო ალიანსი, ბატონი ლუკაშენკო იქნება პასუხისმგებელი მისი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, სამხედრო თანამშრომლობის შედეგებზე.
თუ პრეზიდენტი პუტინი გადაწყვეტს უკრაინაში შეჭრას, ის საერთაშორისო დანაშაულს ჩაიდენს და ამისთვის ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალი გაასამართლებს. თუ ეს შეჭრა მოხდება ბელორუსის ტერიტორიიდან, ბატონი ლუკაშენკო გახდება სამხედრო დანაშაულის თანამზრახველი და პუტინთან ერთად გასამართლდება.
სწორედ ამიტომ, ბატონმა ლუკაშენკომ უბრალოდ უნდა ილოცოს (რადგან მას არ აქვს პუტინის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის სხვა ინსტრუმენტები), რომ ახლა ბელორუსის მიწაზე განლაგებული რუსული ჯარები არ გახდნენ უკრაინაში სამხედრო შეჭრის ნაწილი.
თუ რუსული ჯარები ბელორუსიდან შემოიჭრებიან უკრაინაში ან დარჩებიან ბელორუსში განუსაზღვრელი ვადით, ეს იქნება ფაქტობრივი მტკიცებულება იმისა, რომ კრემლმა მოახდინა ბელორუსის ოკუპაცია და ბატონი ლუკაშენკო ბელორუსის სახელმწიფოებრიობის მოღალატეა. ეს ღალატი იქნება მისი ერთადერთი მემკვიდრეობა“, - აცხადებს ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი.
კუბილიუსის განცხადებით, დასავლეთი ბელორუსის ოკუპაციას მკაცრი სანქციებით უპასუხებს, როგორც ეს გააკეთა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემთხვევაში 2014 წელს. ეს პასუხი მოიცავს პერსონალურ სანქციებს კრემლის ოფიციალურ პირებზე, სექტორულ სანქციებს რუსეთის ეკონომიკაზე.
მისივე აზრით, საერთაშორისო ტრიბუნალის დაუყოვნებელივ უნდა დაიწყოს, რათა გაასამართლოს ლუკაშენკო ბელორუსიელი ხალხისა და ბელორუსის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის.
„თუ ბელორუსის სამხედროები მხარს დაუჭერენ რუსეთის შეჭრას, მისი მეთაურები ჰააგის ტრიბუნალში იმავე სკამზე, ბატონი ლუკაშენკოსა და პუტინის გვერდით აღმოჩნდებიან. თუმცა, ბელორუსის ინსტიტუტების ადმინისტრაციებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი, რათა დისტანცირება მოახდინონ ლუკაშენკოს ომის დანაშაულებისგან და აირჩიონ სხვა გზა, იმუშაონ არა დიქტატორისთვის, არამედ ბელორუსის ხალხის მომავლისთვის და დემოკრატიული ბელორუსის მომავლისთვის“, - აღნიშნავს ანდრიუს კუბილიუსი.