გერმანიისა და საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრები, რობერტ ჰაბეკი და ბრუნო ლე მერი კომპანია Meta-ს მიერ ევროპაში Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობის შესაძლო შეჩერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან.
„ჰაკერული შეტევის შემდეგ, ოთხი წელი ვცხოვრობდი Facebook-ისა და Twitter-ის გარეშე და ცხოვრება ფანტასტიური იყო“, - აღნიშნა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა ფრანგ კოლეგასთან გამართულ ღონისძიებაზე.
თავის მხრივ, საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა აღნიშნა, რომ ცხოვრება Facebook-ის გარეშე ძალიან კარგია.
„შემიძლია დავადასტურო, რომ Facebook-ის გარეშე ცხოვრება ძალიან კარგია და Facebook-ის გარეშე ძალიან კარგად ვიცხოვრებდით. ციფრულმა გიგანტებმა უნდა გაიგონ, რომ ევროპის კონტინენტი მათ წინააღმდეგობას გაუწევს და თავის სუვერენიტეტს დაადასტურებს“, - განაცხადა საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა.
ცნობისთვის, 7 თებერვალს, გამოცემა Mashable-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების შენახვის ადგილის ირგვლივ დავის გამო, კომპანია Meta-მ ევროპაში სოციალური ქსელების, Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობა შეიძლება შეაჩეროს.