იანვარში, „ომიკრონის“ აქტიური გავრცელების დროს, 4 019 ორსული დაინფიცირდა

იანვარში, „ომიკრონის“ აქტიური გავრცელების დროს, ვირუსით 4 019 ორსული დაინფიცირდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდინფიცირებული ორსულების გარდაცვალების ფაქტებიც დაფიქსირდა, თუმცა რაოდენობა არ დააკონკრეტა, რამდენადაც შემთხვევების კოვიდთან კავშირი ჯერ დადასტურებული არ არის.

„ერთდროულად, ქვეყანაში ერთ პერიოდში დაახლოებით 23-24 ათასი ორსულია ხოლმე. მთლიანად პანდემიის პერიოდში დადასტურებულია ორსულთა ინფიცირების 13 373 შემთხვევა, ანუ მთლიანი ინფიცირების დაახლოებით 1%, ორსულ ქალბატონებზე მოდის“, - განუცხადა ჟურნალისტებს ამირან გამყრელიძემ.

გარდა ამისა, საქართველოში ექიმების 82%, ექთნების 65%, ხოლო სანიტრების 55%-ია ვაქცინირებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველა კვლევა მიუთითებს იმაზე, რომ დღეს ბუსტერი „ომიკრონს“ სერიოზულად აკავებს, ამიტომ მთავარი აქცენტი უნდა იყოს რეგულაციების დაცვასა და „ბუსტერზე“. მისივე თქმით, ახლა 65%-ზეა პირბადის ტარების მაჩვენებელი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.

„გვინდა, რომ იყოს 95%. თუ 95% იქნება, მაშინ ნაკლები ადამიანი დაინფიცირდებდა და შესაბამისად, ნაკლები იქნება სიკვდილიანობა“. „31 დეკემბრის მონაცემებით, მთლიან ინფიცირებაში 3.8% იყო სამედიცინო პერსონალი. რა თქმა უნდა, იანვარში ეს მაჩვენებელი გაიზრდებოდა, რამეთუ იანვარში „ომიკრონის“ სერიოზული გავრცელება იყო. იანვარში 390 ათასი ახალი შემთხვევა გვაქვს და აქედან საშუალოდ, სულ მცირე ნახევარი იქნება „ომიკრონის“ შემთხვევა. შესაბამისად, ფრონტის წინა ხაზზე მყოფი სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი მოიმატებდა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, პანდემიის დაწყებიდან, 31 დეკემბრამდე საქართველოში კორონავირუსით 143 სამედიცინო პერსონალი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია ამავე წლის 11 მარტს გამოაცხადა.