საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით ინდივიდუალური საჩივრების არსებითი განხილვა დაიწყო.
საიას ცნობით, სასამართლომ ინდივიდუალურად წარდგენილ 59 საჩივართან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციას კითხვებით მიმართა. რუსეთს კი ევროპული სასამართლოს კითხვებზე პასუხისთვის ვადა 2022 წლის 2 მაისამდე აქვს.
რუსეთის ფედერაციამ უნდა განმარტოს, მომჩივანთა მიმართ დაირღვა თუ არა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, საკუთრების უფლება, მიმოსვლის თავისუფლება და მათთან დაკავშირებული მე-13 სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვის მუხლები.
„2022 წლის 07 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან მიღებული კომუნიკაციის თანახმად, სასამართლომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით ინდივიდუალური საჩივრების არსებითი განხილვა დაიწყო. კერძოდ, სასამართლომ ინდივიდუალურად წარდგენილ 59 საჩივართან (ჯიოშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და 58 სხვა საჩივარი) დაკავშირებით რუსეთის ფედერაციას კითხვებით მიმართა. განსახილველ საქმეებს შორის არის საიას მიერ გაგზავნილი 12 საჩივარი, რომელიც 78 ადამიანის ინტერესების დაცვას ეხება” - წერია საიას განცხადებაში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებულ 350-ზე მეტ ადამიანს იცავს. ორგანიზაციას სასამართლოში 53 საჩივარი აქვს წარდგენილი, რომელთა შორის 12-ზეც ევროპულმა სასამართლომ არსებითი განხილვა 7 თებერვლიდან დაიწყო.
2021 წლის იანვარში ევროსასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, სადაც სარჩელის დიდი ნაწილი, (8-დან 6 მუხლი) საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა.
კერძოდ დაადგინა, რომ აგვისტოს ომის პერიოდში, საქართველოს მოქალაქეების მიმართ დაირღვა ევროკონვენციით გათვალისწინებული სიცოცხლის, საკუთრების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, თავისუფლად გადაადგილების უფლება, ასევე დაირღვა წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის მუხლები. გადაწყვეტილება მიიღო დიდმა პალატამ, 17 მოსამართლის შემადგებლობით.