უკრაინის აღმოსავლეთით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სამჯერ დაირღვა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს.
მათივე ცნობით, სროლა დასახლება პესკისთან ნაღმმტყორცნებიდან განხორციელდა. ოფიციალური კიევის ცნობით, ოკუპანტებმა ასევე გამოიყენეს უპილოტო საფრენი აპარატები.
ამასთან, როგორც ცნობილია, უკრაინელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. შედეგად დაღუპულები არ არიან.
ცნობისთვის, დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები.