შვედეთმა პანდემიის გამო დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა გააუქმა. ზოგიერთი მეცნიერი მთავრობას მეტ მოთმინებას სთხოვდა დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა შვედეთის მთავრობამ, გასულ კვირას გამოაცხადა, რომ გააუქმებდა დარჩენილ შეზღუდვებს და პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებდა.
„პანდემია, მე ვიტყოდი, რომ სწრაფი ცვლილებებისა და შეზღუდვების თვალსაზრისით, დასრულდა”, - განუცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ლენა ჰალენგრენმა Dagens Nyheter-ს. მისივე თქმით, COVID19 აღარ იქნება კლასიფიცირებული, როგორც საფრთხე საზოგადოებისთვის.
როგორც ცნობილია, ბარები და რესტორნები 11 საათის შემდეგაც იმუშვებენ, სტუმრების რაოდენობის შეზღუდვის გარეშე. ასევე გაუქმდა შიდა დარბაზებისთვის ადამიამების დაშვებაზე განსაზღვრული ლიმიტი, ისევე როგორც ვაქცინაციის საშვის გამოყენება.
„შვედეთში, დაახლოებით 2,200 ინფიცირებული საჭიროებს საავადმყოფოში მკურნალობას, დაახლოებით იგივე, რაც 2021 წლის გაზაფხულზე მესამე ტალღის დროს. უფასო კოვიდტესტირება ამ თვის დასაწყისში შემცირდა და ფაქტობრივად, უკვე შეჩერდა 9 თებერვლიდან, ამიტომ, არავინ იცის შემთხვევების ზუსტი რაოდენობა“, - წერს Reuters-ი.
„ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ ცოტა მეტი მოთმინება, ტესტირების გააქტიურებაც შეგვიძლია, დაველოდოთ კიდევ რამდენიმე კვირას, დაავადება ჯერ კიდევ დიდი ტვირთია საზოგადოებისთვის“, - აცხადებს ფრედრიკ ელგი, უმეას უნივერსიტეტის პროფესორი და შვედეთის ჩაკეტვის პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე კრიტიკოსი.
შვედეთის ჯანდაცვის სააგენტომ ამ კვირაში განაცხადა, რომ ფართომასშტაბიანი ტესტირება ზედმეტად ძვირი უჯდებოდა. შვედეთმა ამ წლის პირველი ხუთი კვირის განმავლობაში, კოვიდტესტირებაზე დაახლოებით 55 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა.
9 თებერვალს, შვედეთში 114 ინფიცირებული, საერთო ჯამში კი, ვირუსით 16 182 ადამიანი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, ჯანმომ პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.