აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, საფრანგეთის ლიდერის მიერ რუსეთსა და უკრაინაში განხორციელებული ვიზიტის თაობაზე სატელეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
„პრეზიდენტებმა ისაუბრეს იმ მიმდინარე დიპლომატიურ და შეკავების ძალისხმევაზე, რომელიც მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალების თავმოყრის საპასუხოდ ხორციელდება“,- ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ცნობისთვის, დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები.
მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. დასავლეთი მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.