ვიოლა ფონ კრამონი: გულსატკენია იმის დანახვა, რომ საქართველოს დემოკრატია უკუსვლას განაგრძობს

ევროპარლამეტარი ვიოლა ფონ კრამონი დემოკრატიის ინდექსზე საქართველოს რეიტინგს აფასებს.

„გულსატკენია იმის დანახვა, რომ საქართველოს დემოკრატია უკუსვლას განაგრძობს. მოლდოვა და თუნდაც უკრაინა და სომხეთი უკეთესად გამოიყურებიან. ოდესღაც რეგიონში საქართველო მისაბაძი მაგალითი იყო, მაგრამ ახლა ის ავტორიტარული მეზობლების, რუსეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის დონეზე ეცემა", – წერს ევროპარლამენტარი კრამონი Twitter-ზე.

ბრიტანეთის კვლევითმა ცენტრმა Economist Intelligence Unit-მა დემოკრატიის ყოველწლიური ინდექსი გამოაქვეყნა. ყოველწლიური ანგარიში დემოკრატიის მდგომარეობას 167 ქვეყანაში ხუთ საზომზე დაყრდნობით აფასებს. ესენია - საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკური მონაწილეობა, დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო თავისუფლებები.

საქართველო (ქულა 5,31-დან 5,12-მდე შემცირდა) 2020 წლის მსგავსად 91-ე ადგილზე განთავსდა „ჰიბრიდული რეჟიმების“ კატეგორიაშია, სადაც ავტორიტარული და დემოკრატიული ელემენტების შეხამებაა. ამავე კატეგორიაში არიან უკრაინა და სომხეთიც, თუმცა სომხეთი 89-ე ადგილზეა, უკრაინა - 86-ე ადგილზე.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო და უკრაინა აგრძელებენ ქულების კლების ტენდენციას. სომხეთმა და ბოსნია და ჰერცეგოვინამ კი მონაცემი გააუმჯობესეს. პოზიტიური ცვლილებებია მოლდოვის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და მონტენეგროს შემთხვევაში. ეს ქვეყნები „ჰიბრიდული რეჟიმების“ კატეგორიიდან „„არასრულყოფილი დემოკრატიების" კატეგორიაში გადავიდნენ.

დემოკრატიის ინდექსის“ მიხედვით, რუსეთი „ავტორიტარული რეჟიმების“ კატეგორიაში დარჩა. 167 ქვეყანას შორის ის 124-ე ადგილზეა. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან რუსეთზე უარესი რეიტინგი ყაზახეთს (128 ადგილი), ბელორუსს (146-ე ადგილი), აზერბაიჯანს (141-ე ადგილი), უზბეკეთს (150-ე ადგილი), თურქმენეთსა (161-ე ადგილი) და ტაჯიკეთს (157-ეს ადგილი) აქვთ. უკანასკნელ ადგილზეა ავღანეთი. ყირგიზეთი „ჰიბრიდული რეჟიმების“ კატეგორიიდან „ავტორიტარული რეჟიმების“ კატეგორიაში გადავიდა და რუსეთს ერთი პოზიციით უსწრებს.


ამავე თემაზე:

სად და რატომ განიცადა დემოკრატიამ უკუსვლა - კვლევა