ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის თქმით, პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა რეალურად სურს

დასავლეთში ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ ვლადიმერ პუტინის მოქმედება მხოლოდ ბლეფია, სინამდვილეში კი რუსეთი შეიძლება, ნებისმიერ დროს შეიჭრას სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, როგორც ეს 2008 წელს რუსეთის საქართველოში ინტერვენციისა და 2014 წელს ყირიმის ანექსიის დროს მოხდა, - ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა. ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროპას უჭირს იმის აღიარება, რომ რასაც ხედავს, სინამდვილეა.

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების უპრეცედენტო კონცენტრაციის ფონზე.

„10-12 წლის წინ საქართველოში დატრიალებულ ამბებამდეც (2008 წელს რუსეთის ინტერვენცია საქართველოში. რედ. ), სინამდვილეში არავის არ სჯეროდა, რომ შესაძლო იყო დღისით-მზისით სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა. ჩვენ ყველა პარტნიორს ვაფრთხილებდით: ნახეთ, ეს სერიოზული ცვლილებაა! შესაძლოა, ასე იყო ყოველთვის, მაგრამ უბრალოდ ჩვენ ვიყავით ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი იმის მიმართ, თუ როგორ ხედავდა კრემლი მსოფლიოს. ასეთია მათია ამბიცია...

მე ამას ვუწოდებ „საბჭოთა კავშირ 2“-ის აღდგენისკენ მიმართულ ამბიციებს. ზოგიერთმა ანალიტიკოსმა შესაძლოა, თქვას, რომ ეს უფრო რუსეთის იმპერიული ამბიციებია. ეს ამბიციები რეალურია და შესაძლოა, მსგავსი რამ 21-ე საუკუნეში დღისით-მზისით მოხდეს. ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ამის აღქმა დაიწყო ყირიმის (ანექსიის) შემდეგ, რომელსაც მნიშვნელოვანი გარდატეხა მოჰყვა. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ბევრი, შესაძლოა, შექმნილ ვითარებას ჯერ კიდევ ბლეფად აღიქვამდეს.“, - განაცხადა შიმონიტემ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში, უკრაინის საზღვრებთან რუსეთმა 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა განალაგა. ამის მიუხედავად, მოსკოვი უარყოფს ომისთვის მზადებას. დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ რუსეთი შესაძლოა, უკრაინაში შეჭრას გეგმავდეს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 11 თებერვალს მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინის ტერიტორია. როგორც იუწყებიან, ამერიკის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის შესახებ და ეს შეიძლება, უახლოეს საათებში მოხდეს.

პარალელურად, რამდენიმე სახელმწიფო უკრაინიდან თავისი ქვეყნის მოქალაქეების გაყვანის შესახებ მოწოდებით ერთდროულად გამოვიდა. მათ შორის არიან, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი გერმანია.