რამდენიმე ათასმა უკრაინელმა 12 თებერვალს კიევში გამართა აქცია, რათა ეჩვენებინა ერთიანობა რუსეთის შეჭრის შიშის ფონზე. პარალელურად, უკრაინის ლიდერმა მოუწოდა ხალხს, შეინარჩუნონ სიმშვიდე.
უკრაინელები კიევის ცენტრში დროშებითა და ბანერებით ხელში სკანდირებდნენ - „დიდება უკრაინას“. ბანერებზე გამოსახული იყო შემდეგი წარწერა - „უკრაინელები წინააღმდეგობას გაუწევენ"; „დამპყრობლები უნდა მოკვდნენ“.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც სამხრეთ ხერსონის რეგიონში წვრთნებს დაესწრო, განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმა შეიძლება, ნებისმიერ დროს მოხდეს, მაგრამ საინფორმაციო სივრცეში რუსეთის შეჭრის შესახებ უამრავი განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება, რაც ჯერჯერობით მხოლოდ პანიკას იწვევს.
მისი თქმით, უკრაინა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ სამხედროებსა და მოქალაქეებს უნდა დაეყრდნოს და ნებისმიერ დღეს მზად იყოს.