უკრაინას 150 ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორიც ტოვებს

ფლორიდის ეროვნული გვარდიის 150-მდე ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი, რომლებიც უკრაინაში ადგილობრივი შეიარაღებული ძალების გასაწვრთნელად მიავლინეს, რუსეთის შესაძლო თავდასხმის საფრთხის გამო, ქვეყანას ტოვებენ. ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, გადაწყვეტილება სიფრთხილის გამო მიიღეს და სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ეფუძნება, რომლის თანახმად, კიევი ამერიკის საელჩოს თანამშრომლებმაც უნდა დატოვონ.
 
„ეს გადაადგილება არ ნიშნავს ცვლილებას ჩვენს გადაწყვეტილებაში, მხარი დავუჭიროთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.

მისი თქმით, სამხედრო ინსტრუქტორები ევროპაში განლაგდებიან, თუმცა - სად, კირბის არ დაუკონკრეტებია.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 11 თებერვალს მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინის ტერიტორია. როგორც იუწყებიან, ამერიკის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის შესახებ და ეს შეიძლება, უახლოეს საათებში მოხდეს.

„მე არ ვაპირებ სადაზვერვო ინფორმაციის დეტალებში შესვლას, მაგრამ თუ გადავხედავთ ძალების განლაგებას როგორც ბელორუსში, ასევე რუსეთში უკრაინის საზღვრის მეორე მხარეს, რუსები არიან იმ მდგომარეობაში, რომ შეუძლიათ, განახორციელონ მასშტაბური სამხედრო მოქმედება“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა 11 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.

რაც შეეხება კიევის პოზიციას, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.