თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა თავი უნდა შეიკავონ განცხადებებისგან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს პანიკა უკრაინაში არსებული ვითარების გამო.
მევლუთ ჩავუშოღლუს ეს კომენტარი მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-მ განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში „ნებისმიერ დროს“ შეიძლება მოხდეს.
„ასეთი შეჭრა არ იქნება სწორი, მაგრამ დასავლური სახელმწიფოები ასევე ფრთხილი უნდა იყვნენ თავიანთ განცხადებებში, რომლებმაც შეიძლება პანიკის დათესვა გამოიწვიოს“, - განაცხადა თურქმა დიპლომატმა.
მისივე თქმით, ოფიციალურმა ანკარამ როგორც რუსული, ასევე ბელორუსის წყაროებიდან მიიღო ცნობები, რომ უკრაინაში შეჭრა არ მოხდება.
„ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება დაძაბულობის შემცირებაზე“, - აცხადებს მევლუთ ჩავუშოღლუ.