ავიაკომპანია KLM-მა უკრაინის თავზე ფრენები შეწყვიტა

ჰოლანდიურმა KLM-მა შაბათს განაცხადა, რომ აჩერებს ფრენებს უკრაინაში, რადგან შიშობს, რომ რუსეთი ემზადება მის დასავლელ მეზობელ სახელმწიფოში შეჭრისთვის. კომპანის განმარტებით, უკრაინის საჰაერო სივრცეში ფრენები შემდგომ შეტყობინებამდე არ განხორციელდება.

„მორიგი რეისი დედაქალაქ კიევში დღეს ღამით არის დაგეგმილი, მაგრამ არ განხორციელდება“, - ნათქვამია ნიდერლანდების მთავარი ავიაკომპანიის განცხადებაში.

ნიდერლანდები შეუერთდა რამდენიმე ევროპულ ქვეყანას, მათ შორის ბელგიას, გერმანიასა და იტალიას, რომლებმაც თავის მოქალაქეებს მოუწოდეს,  დაეტოვებინათ უკრაინა.


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 11 თებერვალს მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინის ტერიტორია. როგორც იუწყებიან, ამერიკის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის შესახებ და ეს შეიძლება, უახლოეს საათებში მოხდეს.

„მე არ ვაპირებ სადაზვერვო ინფორმაციის დეტალებში შესვლას, მაგრამ თუ გადავხედავთ ძალების განლაგებას როგორც ბელორუსში, ასევე რუსეთში უკრაინის საზღვრის მეორე მხარეს, რუსები არიან იმ მდგომარეობაში, რომ შეუძლიათ, განახორციელონ მასშტაბური სამხედრო მოქმედება“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა 11 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.

რაც შეეხება კიევის პოზიციას, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.


ამავე თემაზე:

თეთრი სახლი ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.