შექმნის თუ არა NATO ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ახალ საბრძოლო ჯგუფებს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ იმოქმედებს რუსეთი და როდის შეიძლება, ვიხილოთ ეს ძალები რუმინეთში, ბულგარეთში ან სხვაგან, ამ საკითხით დაინტერესდა საერთაშორისო მედია ბრიუსელში, NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე. დღეს ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალი გაიმართა.
მინისტრებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომელშიც აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების შესახებ მზადყოფნა დააფიქსირეს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა მინისტერიალის დღის ბოლოს მედიის შეკითხვებს უპასუხა. მან ევროპის უსაფრხთხოებაში ახალი ნორმის კონტურებზე მიანიშნა და განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა ალიანსმა, საბრძოლო ჯგუფების კორექტირება უფრო გრძელვადიან პრიორიტეტად აქციოს. მანამდე, საბოლოო მონახაზის ჩამოყალიბებამდე, NATO რეკომენდაციებს სამხედრო მეთაურებისგან მიიღებს.
„რუსეთმა გამოავლინა ნება, გამოიყენოს ძალა, შეეცადოს სხვა ქვეყნების იძულებას; შეცვალოს ზოგიერთი ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ასევე გვჭირდება აღმოსავლეთ ნაწილში NATO-ს პოზიციების გარდაქმნა. ჩვენ ვთხოვეთ ჩვენს სამხედრო მეთაურებს, მასშტაბისა და მოცულობის შესახებ დეტალები, მათ შორის პოტენციური ახალი საბრძოლო ჯგუფების შესახებ აღმოსავლეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთში, რუმინეთში, შავი ზღვის რეგიონში. ასევე აღმოსავლეთში პოზიციების კორექტირების შესახებ ჩვენი უფრო გრძელვადიანი პრიორიტეტისთვის.
2014 წლის შემდეგ, ჩვენი კოლექტიური თავდაცვა ყველაზე მეტად გავაძლიერეთ ბალტიისპირეთის ქვეყნებში საბრძოლო ჯგუფების შექმნით, NATO-ს სამეთაურო სტრუქტურის მოდერნიზაციით, NATO-ს რეაგირების ძალების რაოდენობის გასამმაგებით და ასევე, თავდაცვაში მეტი ინვესტირების დაწყებით. შემდეგ, ბოლო კვირების და თვეების განმავლობაში, ჩვენ, პირველ რიგში, უფრო მეტი NATO-ს ჯარი განვათავსეთ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. მეტი ჯარი, მეტი გემი, მეტი თვითმფრინავი და ეს იმისთვისაა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ვაწარმოოთ მინოტორინგი, მივყვეთ, რუსეთის ქმედებებს და ასევე გადავაზღვიოთ ჩვენი მოკავშირეები ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში.
შემდეგ, ჩვენ ასევე გავზარდეთ NATO-ს რეაგირების ძალების მზადყოფნა. ეს იმას ადასტურებს, რომ ჩვენ შეგვიძლია, სწრაფად გავაძლიეროთ კიდევ უფრო მეტი ჯარით და ძალებით ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილი. ეს არ ნიშნავს, რომ რაიმეს ველოდებით. ჩვენ უკვე ბევრი რამ გავაკეთეთ. შემდეგ განვიხილავთ ჩვენი ჯგუფების უფრო გრძელვადიან კორექტირებას და კვირების განმავლობაში მივიღებთ რჩევებს სამხედრო მეთაურებისგან, რის შემდეგაც მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ დღეს NATO-ს მინისტრებმა გადაწყვიტეს, შეიმუშაონ ვარიანტები შეკავებისა და თავდაცვის უნარების შემდგომი გაძლიერებისთვის, მათ შორის განიხილონ ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ახალი საბრძოლო ჯგუფების შექმნის საკითხი.
სტოლტენბერგის თქმით, NATO გრძელვადიანი ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების საფუძველია.
NATO ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ახალი საბრძოლო ჯგუფების შექმნას განიხილავს