ტრამპი ნიგერიის მთავრობას აფრთხილებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიგერიაში ისლამისტი მებრძოლი დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლისთვის მომზადების ბრძანება გასცა და ნიგერიის მთავრობა ქრისტიანების დაცვის უუნარობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.


BBC-ის ცნობით, ტრამპმა არ დააკონკრეტა, თუ რომელ მკვლელობებს გულისხმობდა, თუმცა ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში, ნიგერიის ქრისტიანების წინააღმდეგ გენოციდის შესახებ ბრალდებები გავრცელდა აშშ-ის ზოგიერთ მემარჯვენე წრეში. 


„ნიგერიის მთავრობა ქრისტიანების მკვლელობას კვლავ თუ დაუშვებს, აშშ დაუყოვნებლივ შეუწყვეტს ნიგერიას ყოველგვარ დახმარებას და, შესაძლოა, „ცეცხლითა და მახვილით“ შევიდეს ამ ახლა უკვე შერცხვენილ ქვეყანაში, რათა მთლიანად გაანადგუროს ისლამისტი ტერორისტები, რომლებიც ამ საშინელ სისასტიკეს იჩენენ. ამით ვაძლევ მითითებას ჩვენს ომის დეპარტამენტს, მოემზადოს შესაძლო მოქმედებისთვის. ჩვენ თავს თუ დავესხმებით, ეს იქნება სწრაფი და სასტიკი ისევე, როგორც ტერორისტი ბანდიტები ესხმიან თავს ჩვენს ძვირფას ქრისტიანებს! გაფრთხილება: ნიგერიის მთავრობამ უნდა იმოქმედოს სწრაფად!“- წერს ტრამპი.


„ომის დეპარტამენტი მოქმედებისთვის ემზადება. ან ნიგერიის მთავრობა დაიცავს ქრისტიანებს, ან ჩვენ მოვკლავთ ისლამისტ ტერორისტებს, რომლებიც ამ საშინელ სისასტიკეს სჩადიან,“ - გამოეხმაურა ტრამპის გზავნილს პენტაგონის ხელმძღვანელი პიტ ჰეგსეთი. 


აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით, ნიგერიაში ქრისტიანობა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას და რადიკალი ისლამისტები არიან პასუხისმგებელი „მასობრივ ხოცვა-ჟლეტაზე“. 31 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნიგერიაში მოვლენები სახიფათოდ ვითარდება, რადგან ათასობით ქრისტიანს კლავენ. 


ტრამპის განცხადების საპასუხოდ, ნიგერიის მთავრობამ პირობა დადო, რომ ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს და ამ მიმართულებით ვაშინგტონთან თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამია, რომ ნიგერია ღვთისმოშიში ქვეყანაა, სადაც პატივს სცემენ რწმენას, ტოლერანტობას, მრავალფეროვნებას და ინკლუზიურობას.