Bloomberg-ის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ მოლაპარაკებები დაიწყო, რათა ყაზახეთში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს, გამოუყენებელ ვოლფრამის საბადოზე წვდომა უზრუნველყოს - რაც მიზნად ისახავს კრიტიკული მინერალების სფეროში ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებას.
საკითხთან დაკავშირებული პირების ცნობით, ვაჭრობის მინისტრი ჰოვარდ ლუტნიკი Cove Kaz Capital Group LLC-სა და ყაზახეთის სუვერენულ ფონდ Samruk-Kazyna-ს შორის მოლაპარაკებებს ხელს უწყობს.
„ვაშინგტონი გარიგების ფინანსურ მხარდაჭერას განიხილავს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციისა და ექსპორტ-იმპორტის ბანკის მეშვეობით, თუმცა „ადმინისტრაცია არ ცდილობს აქციების შეძენას,“ - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა.
თუ პროექტი დასრულდება, ვოლფრამის პროექტი ყაზახეთს „მსოფლიო ვოლფრამის ბაზრის ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ“ აქცევს. ლითონს პენტაგონი საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკისთვის იყენებს, ჩინეთი კი, გლობალური მიწოდების დაახლოებით 80%-ს აწარმოებს.