აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ლიეტუვას ეწვია. ლოიდ ოსტინის თქმით, ლიეტუვა არის NATO-ს მტკიცე მოკავშირე, რომელთანაც შეერთებული შტატები იზიარებს ბევრ ღირებულებას და კავშირს.
„მოუთმენლად ველი, ერთად ვიმუშაოთ ჩვენი საერთო მიზნისკენ უსაფრთხო და დაცული რეგიონისთვის“, - აღნიშნა ოსტინმა.
ოსტინი შეხვდება ლიეტუვის პრემიერ-მინისტრს ინგრიდა სიმონიტეს და ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრს არვიდას ანუშაუსკასს, რათა დაადასტუროს, რომ შეერთებული შტატები ლიეტუვის გვერდით დგას საფრთხეების წინააღმდეგ საერთო ინტერესებისა და ღირებულებების წინსვლისთვის.
მანამდე, ლოიდ ოსტინი პოლონეთში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან გამართ შეხვედრა. ლიდერები NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე თავდაცვისა და შეკავების მიზნით, აშშ-სა და პოლონეთს შორის უსაფრთხოების მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ.
მხარეებმა უკრაინასა და მის გარშემო, მათ შორის ბელორუსში რუსეთის სამხედრო გაძლიერების საკითხი განიხილეს.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ბელგიაშიც იმყოფებოდა. ის შეხვდა მოკავშირეთა თავდაცვის მინისტრებს და ალიანსის ხელმძღვანელობას, რათა განეხილა რუსეთის სამხედრო გაძლიერება უკრაინასა და მის ირგვლივ. ოსტინმა მე-5 მუხლის მიმართ აშშ-ის ერთგულება დაადასტურა.